„სამტრედიამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა - „გარეჯმა“ პლეი ოფის განმეორებითი მატჩი მოიგო #1TVSPORT
„სამტრედიამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა - „გარეჯმა“ პლეი ოფის განმეორებითი მატჩი მოიგო #1TVSPORT

„სამტრედიამ“ საგარეჯოს „გარეჯთან“ ეროვნული ლიგის პლეი ოფის განმეორებითი დაპირისპირება 1:3 წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ლიგაში ადგილი მაინც შეინარჩუნა.

პირველი შეხვედრა „სამტრედიამ“ საკუთარ მოედანზე 4:1 მოიგო და საგარეჯოში მატჩამდე ეროვნულ ლიგაში დასარჩენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. გუნდმა საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გამართული შეხვედრაც კარგად დაიწყო, მეშვიდე წუთზე ანგარიში „სამტრედიის“ თავდამსხმელმა, ზვიად ნაჭყებიამ გახსნა და ორი მატჩის ჯამში გუნდის უპირატესობა 5:1-მდე გაზარდა.

საგარეჯოელები ამის შემდეგ გააქტიურდნენ, მე-14 წუთზე სწრაფი იერიში ლაშა უგრეხელიძემ დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 36-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ შეტევა საჯარიმოს ხაზთან გიორგი პაპუაშვილს გაუგრძელა, რომელმაც უძლიერესი და ძალიან ეფექტური დარტყმით „გარეჯი“ დააწინაურა – 2:1.

მეორე ტაიმში „გარეჯმა“ სწრაფად მოახერხა მესამე გოლის გატანა – „სამტრედიის“ კარი 47-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა აიღო და ვითარება დაიძაბა, მასპინძლებს ორი შეხვედრის ჯამში ანგარიშის გასათანაბრებლად ერთი გოლი სჭირდებოდათ. თამაშის ბოლოს მაყურებელთან კონფლიქტისთვის „სამტრედიის“ თავდამსხმელი ზვიად ნაჭყებია გააძევეს.

„გარეჯმა“ მეტის გატანა ვეღარ მოახერხა. ორი შეხვედრის ჯამში „სამტრედიამ“ გაიმარჯვა (4:1, 1:3) და ახალ სეზონში კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.