„სამტრედიამ“ და ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში პირველი ქულები მოიპოვეს #1TVSPORT
„სამტრედიამ“ და ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში პირველი ქულები მოიპოვეს #1TVSPORT

„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ ეროვნული ლიგის მეორე ტური დაიწყო. „სამტრედიამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დაიწყო, მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და 39-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. დავით ზურაბიანის ფლანგური გადაცემის შემდეგ საჯარიმოში ლაშა კოხრეიძე გაიხსნა, რომელმაც ეფექტური „მაკრატელა“ დარტყმით „სამტრედიას“ გაუტანა.

მეორე ტაიმი გაცილებით სანახაობრივი და ემოციური გამოდგა. „სამტრედიამ“ თამაში აქტიურად დაიწყო. 77-ე წუთზე ფოთელები კაცნაკლულები დარჩნენ, მთავარმა არბიტრმა „კოლხეთის“ ფრანგი ცენტრალური მცველი მაჰამატ ტიამი მოედნიდან გააძევა.

ამით მასპინძლებმა ისარგებლეს. 86-ე წუთზე „სამტრედიის“ მარცხენა მცველის, დავით უბილავას ეფექტური დარტყმის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა. ამ გუნდებისთვის ეს ქულა პირველია ეროვნული ლიგის წლევანდელ გათამაშებაში.