„სამტრედიამ“ ამხანაგურ მატჩში „ვიტ ჯორჯია“ 2:1 დაამარცხა
„სამტრედიამ“ ამხანაგურ მატჩში „ვიტ ჯორჯია“ 2:1 დაამარცხა

დიღომში მდებარე საფეხბურთო კომპლექსში „სამტრედიამ“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა – გია ცეცაძის გუნდი ამხანაგურ მატჩში თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა და დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ „ვიტ ჯორჯიას“ მეკარე გურამ ჩიკაშუამ პირველ ტაიმში სამტრედიელი მოთამაშე საკუთარ საჯარიმოში მოცელა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა ვეტერინართა კარში პენალტი დანიშნა. მაგრამ ჩიკაშუამ შეცდომა თავად გამოასწორა და სამტრედიელთა შემტევის გურამ ლუკავას მიერ კუთხეში დარტყმული ურთულესი დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც ამ 19 წლის მეკარისათვის პირველი შემთხვევა არაა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდმა არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 39-ე წუთზე, „სამტერდიას“ მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია და საჯარიმოსთან ბურთი თორნიკე მუზაშვილს მიუგორდა, რომელმაც ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

მუზაშვილი მეორე ტაიმშიც აქტიურობდა და კიდევ ერთხელ სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია. „სამტრედიამ“ კი თავისი შანსებით ისარგებლა. დავით ჯიქიამ 52-ე წუთზე, მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა. 91-ე წუთზე კი საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან გიორგი ახალაძე შეიჭრა და უძლიერესი დარტყმით „სამტრედიას“ გამარჯვება მოუტანა 2:1.

ვიტ ჯორჯია – სამტრედია 1:2

გოლები: 1:0 მუზაშვილი (39), 1:1 ჯიქია (52), 1:2 ახალაძე (91).