„სამტრედია“ თურქეთში ემზადება - გუნდმა 15 წლის ლევან კალაძე დაიმატა #1TVSPORT
„სამტრედია“ თურქეთში ემზადება - გუნდმა 15 წლის ლევან კალაძე დაიმატა #1TVSPORT

„სამტრედიამ“ თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრა ყაზახურ „ელიმაისთან“ გამართა და 2:3 დამარცხდა. ქართველებიდან გოლები ლაუტარო დუარტემ და გია მანჯგალაძემ გაიტანეს. პირველი მატჩი მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილებმა უზბეკურ „ბუხოროსთან“ 1:1 დაასრულეს. ერთადერთი გოლი ასადოვის ანგარიშზეა. „სამტრედია“ თურქულ შეკრებაზე კიდევ ორ შეხვედრას გამართავს – 24 თებერვალს უზბეკურ „ბუნიოდკორს“ შეხვდება, ხოლო 27 თებერვალს – ტაჯიკურ „ვახშის“.

გუნდთან ერთად შეკრებაზეა კახა კალაძის ვაჟი, 15 წლის ლევან კალაძე – LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, იგი „სამტრედიასთან“ ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა, ახლა კი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სამტრედიელებმა „ტორპედოდან“ სამი მოთამაშე დაიმატეს – ნახევარმცველები გია მანჯგალაძე და ლუკა ელბაქიძე და მცველი გიგი მჭედლიშვილი. ახალ სეზონში „სამტრედიის“ კარს „თელავის“ ყოფილი მეკარე ბექა ქურდაძე დაიცავს. იმერულ კლუბში გააგრძელებს კარიერას „დინამო 2“-ის ნახევარმცველი ლუკა ფრიდონაშვილი, „ორბის“ სამხრეთაფრიკელი ნახევარმცველი ტოჩი შინ უკპელი და „გაგრის“ გამოცდილი მცველი ლევან კაკუბავა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. „სამტრედიაში“ გარკვეული პაუზის შემდეგ არგენტინელი ნახევარმცველი ერიკ ბარიოსიც დაბრუნდა.

გუნდი დატოვეს ჩრდილოეთ მაკედონიელმა მცველმა ფილიპ ბოსკოვსკიმ და ესპანელმა თავდამსხმელმა ინიგო მარტინმა (კარიერას ანდორას „სანტა კოლომაში“ გააგრძელებს), „დინამო თბილისში“ გადავიდა თავდამსხმელი დანიელ ოვუსუ, ხოლო ბრაზილიელი ლეგიონერები, ლეო ასუნსაო და ანდრე სამშობლოში დაბრუნდნენ, ეკონგოლო ნკუმბას კი საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა და ქუთაისის „ტორპედოში“ დაუბრუნდა.