სამოყვარულო გოლფი შემოდგომაზე ახალი პროექტებით დაბრუნდება #1TVSPORT
სამოყვარულო გოლფი შემოდგომაზე ახალი პროექტებით დაბრუნდება #1TVSPORT

საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაცია შემოდგომაზე ახალი პროექტებით დაბრუნდება, რომლებიც მის წინსვლას შეუწყობს ხელს – ამის შესახებ მეღვინეობა „ასკანელის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საღამოზე ითქვა, სადაც ახალი თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

მემორანდუმების გაფორმებას ესწრებოდნენ სამოყვარულო გოლფის, ბიზნეს სამყაროსა და მედიის წარმომადგენლები, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელობა და გოლფში საქართველოს წამყვანი სპორტსმენები.

„ფედერაციის მიზანია შექმნას სპორტის ამ შესანიშნავი სახეობის და ბიზნესის ურთიერთობის მყარი, ურთიერთსასარგებლო ტრენდი, რომელიც საერთო ჯამში ქვეყნის განვითარებაზე და კეთილდღეობაზე აისახება. ამიტომ დიდი პატივი და ამასთანავე პასუხისმგებლობაა ასეთ სოლიდურ ჯგუფებთან თანამშრომლობა“, – განაცხადა საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბოქოლიშვილმა.

„ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ კულტურის და ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამებს, კლასიკური მუსიკისა და ბალეტის საღამოებს. გოლფი, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის საუკეთესო გამოვლინება სრულად ასახავს ჩვენს პრიორიტეტებს და ღირებულებებს, საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციასთან ერთად, განვახორციელებთ როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალური მასშტაბის პროექტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება“, – აღნიშნა Askaneli Winery-ს დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ.

„გოლფის სამოყვარულო ფედერაციასთან პარტნიორობა იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჯანსაღი გარემოს, ჯანსაღი საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული დეველოპერული პროექტები“, – განაცხადა Reforma Construction Management-ის დამფუძნებელმა გეგი ქელბაქიანმა.