სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია უხეშობისთვის - მაისაშვილი ნაკრების წევრების დაზიანებისთვის დასაჯეს #1TVSPORT
სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია უხეშობისთვის - მაისაშვილი ნაკრების წევრების დაზიანებისთვის დასაჯეს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მცველი დავით მაისაშვილი დასაჯეს – გადაწყვეტილება სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა გამოიტანა.

იმსჯელეს ეროვნული ლიგის მე-7 ტურში „სამგურალისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი იმ ეპიზოდების შესახებ, რომლის შედეგადაც საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე დაშავდა.

„კომიტეტის გადაწყვეტილებით, „სამგურალსა“ და ბათუმის „დინამოს“ თამაშის მიმდინარეობისას „სამგურალის“ მცველმა ბათუმელ ფეხბურთელებს, ლადო მამუჩაშვილსა და გოგა ჩაბრაძეს ტრავმა განზრახ მიაყენა“, – ვკითხულობთ ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აღმოჩნდა, რომ საკითხის განხილვის მიზნით, სადისციპლინო კომიტეტში საკითხი ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ შეიტანა. საქმე ისაა, რომ წყალტუბოს „სამგურალისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩის მსვლელობისას ლადო მამუჩაშვილს მცველმა ფეხი მიარტყა, რის გამოც 27-ე წუთზე თავი ცუდად იგრძნო, თამაში ვერ გააგრძელა და თორნიკე გაფრინდაშვილმა შეცვალა.

შეხვედრის 51-ე წუთზე მაისაშვილმა აკრძალული ილეთით უკვე გოგა ჩაბრაძე შეაჩერა, რომელიც 10 წუთის განმავლობაში ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებდა და მოედანზე დაბრუნების ნაცვლად, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში აღმოჩნდა.

„მატჩის ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ საშეჯიბრო განყოფილებამ მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტს. ინციდენტის განხილვის შედეგად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, დავით მაისაშვილს ჯარიმის სახით სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.