სამხრეთ ამერიკის თასს ბრაზილიის ექვსი სტადიონი უმასპინძლებს
სამხრეთ ამერიკის თასს ბრაზილიის ექვსი სტადიონი უმასპინძლებს

მსოფლიოს უძველესი საერთაშორისო საფეხბურთო პირველობა, „კოპა ამერიკა“, 2019 წელს ბრაზილიაში გაიმართება და ამ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ უკვე დაასახელა ის ექვსი სტადიონი, რომლებზეც მატჩები ჩატარდება.

საინტერესოა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აშენებული ან განახლებული სტადიონებიდან ამ ჩამონათვალში მხოლოდ სამი არენა მოხვდა – „მარაკანა“ რიო დე ჟანეიროში, „მინეირაო“ ბელუ ორიზონტეში და „ფონტე ნოვა“ სალვადორში. ამათ დაემატათ საფეხბურთო კლუბ „გრემიოს“ სტადიონი პორტუ ალეგრიში და ორი არენა სან პაულუში – „პალმეირასი“ და „მორუმბი“.

ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე რეჟერიუ კაბოკლუ აცხადებს, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა, რათა სტადიონებს შორის მგზავრობის მაქსიმალური დრო სამი საათი ყოფილიყო.

2019 წლის „კოპა ამერიკა“ 14 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. სამხრეთ ამერიკის ათი ქვეყნის გარდა, ტურნირში ორი მოწვეული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას – ყატარი და იაპონია.