სამხედრო პოლიციის ცნობით, წვევამდელ ქიაზიმ კახრამანოვზე ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე ორი სამხედროს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება
სამხედრო პოლიციის ცნობით, წვევამდელ ქიაზიმ კახრამანოვზე ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე ორი სამხედროს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება

წვევამდელ ქიაზიმ კახრამანოვზე ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე ორი სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება, – ამის შესახებ სამხედრო პოლიციის წარმომადგენელმა, ირაკლი ბაზერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ორმა პირმა რამდენიმე წვევამდელის სახელფასო ბარათების მონაცემები მოიპოვა.

„მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ წვევამდელ ქიაზიმ კახრამანოვის შესაძლო ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იკვეთება ორი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება.

კერძოდ, მიმდინარე წლის 9 მარტს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, შემდგომ მათი კუთვნილი მცირედი თანხების დაუფლების მიზნით.

ამჟამად, სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ტარდება ქმედითი საგამოძიებო ღონისძიებები ხსენებულ დანაშაულში მონაწილე ყველა სავარაუდო ბრალდებულის გამოვლენის, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მიზნით“, – განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე (გამოძალვა) და 386-ე მუხლებით (ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა). გამოძიების მიმდინარეობის პროცესში აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა დადგეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

სამხედრო პოლიციის ცნობით, გამოძიების დასრულებამდე, აღნიშნული ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს შეუჩერდება უფლებამოსილება.

დატოვე კომენტარი