სამირ აბასოვი - „დინამოსთან“ პანიკაში ვვარდებოდით, რადგან თბილისელები კარგ გუნდურ ფეხბურთს აჩვენებდნენ #1TVSPORT
სამირ აბასოვი - „დინამოსთან“ პანიკაში ვვარდებოდით, რადგან თბილისელები კარგ გუნდურ ფეხბურთს აჩვენებდნენ #1TVSPORT

ბაქოს „ნეფტჩის“ მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა კომენტარი გააკეთა „დინამო თბილისთან“ „ჩემპიონთა ლიგის“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებაზე (2:1) და მეორე წრეში გასვლაზე, სადაც აზერბაიჯანის ჩემპიონის მეტოქე ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. დღეს თბილისელმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. არც მაშინ და არც დღეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია. მაგრამ ეს გასაგებია. „დინამოსთან“ თამაშების დაწყებამდე მხოლოდ სამი ტესტ-მატჩი გვქონდა. დღეს ჩვენთვის მთავარი შედეგი იყო. ძალიან პატარა სათადარიგოთა სკამი გვყავს. ჩვენ იძულებულნი ვართ, რომ გარკვეულ პოზიციებზე სხვა ამპლუის მოთამაშეები დავაყენოთ. მჯერა, რომ ყოველი შემდეგი თამაშისთვის დავიხვეწებით. რა თქმა უნდა, „ოლიმპიაკოსი“ ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებს.“ – ამბობს აბასოვი.

ბაქოს „ნეფტჩის“ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი „დინამოზეც“ გააკეთა:

„დღეს დინამოელებმა გვაიძულეს, რომ მეორე ნომრად გვეთამაშა. იმედი მაქვს, რომ „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ ასეთ შეცდომებს არ დავუშვებთ. რა იყო პოზიტიური დღეს? დადებითი ისაა, რომ მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. სხვათა შორის, მგონია, რომ „ოლიმპიაკოსთან“ უფრო გაგვიადვილდება თამაში, ვიდრე – „დინამოსთან“. ასე რატომ ვნერვიულობდით, მეტოქეს ხომ მესის დონის მოთამაშე არ ჰყავდა? დიახ, მაგრამ მესი შემადგენლობაში ჩვენ არც გვყავს. ჰონდაც კი აღარ გვყავს, ვინც თამაშის დამშვიდებას შეძლებდა. ზოგჯერ გუნდში პანიკა და ქაოსი იქმნებოდა. იმიტომ, რომ ჩვენ შეჩვეულები ვართ ჩვენს ჩემპიონატში თამაშს, ეს კი „ჩემპიონთა ლიგაა“. მღელვარება სწორედ ჩვენთვის ახალ ტურნირს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, „დინამო“ კარგი გუნდია, საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი. თბილისელები კარგ გუნდურ ფეხბურთს აჩვენებდნენ“.