სამინისტროში განმარტავენ, რომ სპორტული ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, დასაქმებულ პირთა ანაზღაურებასა და სოციალურ პროგრამებს ბიუჯეტის კორექტირება არ ეხება
სამინისტროში განმარტავენ, რომ სპორტული ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, დასაქმებულ პირთა ანაზღაურებასა და სოციალურ პროგრამებს ბიუჯეტის კორექტირება არ ეხება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის კორექტირება არ შეხებია სპორტული ორგანიზაციების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ (მათ შორის საოფისე) ხარჯებს, ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებას. ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს სამინისტროში განუცხადეს, თანხების შემცირება არ შეხებია სპორტის სფეროს სოციალური მიმართულების პროგრამებსა და ქვეპროგრამებს.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარებისა და აღნიშნულიდან გამომდინარე საბიუჯეტო ხარჯების შემცირების საჭიროების გათვალისწინებით, ყველა სახის საერთაშორისო და ეროვნული ღონისძიების შეჩერებისა, თუ გაუქმების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა სპორტული ორგანიზაციების წლიური დაფინანსების პარამეტრები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კორექტირება არ შეხებია სპორტული ორგანიზაციების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ (მათ შორის საოფისე) ხარჯებს და ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებას, რასაც უმნიშვნელოვანესი სოციალური დატვირთვაც ჰქონდა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

გარდა ამისა, მოცემულ პერიოდში თანხების შემცირება საერთოდ არ შეხებია სპორტის სფეროს სოციალური მიმართულების პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელებას, კერძოდ, შეუფერხებლად ხორციელდება „ოლიმპიური ჩემპიონების სტიპენდიების“ (პროგრამული კოდი 32 12 01), „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა სოციალური დახმარების“ (პროგრამული კოდი 32 12 02), „საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის და პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიების“ (პროგრამული კოდი 32 12 03) და „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარების“ (პროგრამული კოდი 32 12 04) პროგრამების/ქვეპროგრამების ასიგნებათა ფარგლებში ბენეფიციართათვის კუთვნილი თანხების გადარიცხვა, რაც მიმართულია ბენეფიციართა სტიმულირების, ფინანსური დახმარებისა და სოციალურ-მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული მნიშვნელოვან მასტიმულირებელ და დამხმარე საშუალებას წარმოადგენს, თვითიზოლაციის რეჟიმში დაფინანსების მიღებისთვის და მოცემული პროგარმების/ქვეპროგრამების რეალიზაცია სრულად პასუხობს და თანხვედრაშია იმ ქმედებებთან, რასაც ასეთი მძიმე გამოწვევის პირობებში სახელმწიფო ახორციელებს მოქალაქეთა დასახმარებლად“. შეგახსენებთ, რომ წლის მთავარი სპორტული ღონისძიება, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ნაცვლად, 2021 წელს გაიმართება“,- აცხადებენ სამინისტროში. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, მიმდინარე ხარჯების ნაწილში სპორტის დაფინანსება 53,3 მლნ ლარით შემცირდა.