სამი ტურით ადრე - სოხუმის „დინამო“ ქალთა ლიგაში დაწინაურდა #1TVSPORT
სამი ტურით ადრე - სოხუმის „დინამო“ ქალთა ლიგაში დაწინაურდა #1TVSPORT

უკვე ოფიციალურად – სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-2-ის გამარჯვებულია და ახალი სეზონიდან ქალთა ლიგაში ითამაშებს.

ლიგა 2-ის ბოლო ტურში სოხუმელთა კონკურენტი ხაშურის „ივერია“ საკუთარ კედლებში მცხეთის „დიდგორთან“ დამარცხდა და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, სოხუმელი გოგონები მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდნენ.

გუნდს წვრთნიან თენგიზ ნათაძე და ზურაბ სამუშია, პრეზიდენტი – მარიამ დიასამიძე. კლუბი ორი წლის წინ დაფუძნდა და მცირე ხანში ძლიერი მოთამაშეების დამატება და გაძლიერება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ოთხი წევრი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეა – ნინო პასიკაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო ჩანგელია და ლელა ჭიჭინაძე. ოთხივე მათგანი საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ შეკრებაზე 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის გამოიძახა.

ნინო პასიკაშვილი ქალთა ნაკრებში ყველაზე სტაჟიანი წევრია – 30 წლის ნახევარმცველმა პირველად ეროვნული გუნდის ფორმა 2009 წელს მოირგო და მას შემდეგ, ნინო სუთიძესთან ერთად, „გვაროსნების“ ფორმა ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.