სამი საგოლე გადაცემა - ლობჟანიძემ თურქეთში საუკეთესო მატჩი ჩაატარა [ვიდეო]

საბა ლობჟანიძემ „ანკარაგუჯუში“ თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურის გასვლითი მატჩი „ალანიასპორის“ წინააღმდეგ მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ მისმა გუნდმა სამი ქულის მოპოვების რეალური შანსი დაცვის სუსტი თამაშის გამო ვერ გამოიყენა.

26 წლის ქართველი ფლანგის შემტევი „ანკარაგუჯუს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან მე-3 წუთზე მშვენიერი გადაცემით კარის წინ მოძებნა განის ნაკრების თავდამსხმელი, ჯოზეფ პეინტსილი, რომელმაც „ანკარაგუჯუ“ 1:0 დააწინაურა. 28-ე წუთზე განელმა ფორვარდმა ქართველის კიდევ ერთი მშვენიერი პასით სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ამის შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს და 3:2 დაწინაურდნენ. 64-ე წუთზე ისევ ლობჟანიძემ იაქტიურა – კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს შორეულ ძელთან დახვდა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ბურთს ისევ საბა დაეუფლა და ალიუ ბაჯის უპასა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა.

მაგრამ „ალანიასპორმა“ 79-ე წუთზე სტუმართა კარი მეოთხედაც აიღო და 4:3 გაიმარჯვა. `„ანკარაგუჯუ“ 21 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-19 ადგილზეა და ბოლოადგილოსანდენიზლისპორს“ მხოლოდ 4 ქულით ასწრებს, მაგრამ მე-10 ადგილზე მყოფ „ანთალიასპორს“ 8 ქულით ჩამორჩება და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი გააჩნია.

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.