სამი მედალი ევროპის თასის ღია გათამაშებიდან | ძიუდო
სამი მედალი ევროპის თასის ღია გათამაშებიდან | ძიუდო

პრაღაში ქალ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასის ღია გათამაშება გაიმართა. გია თენაძის შეგირდებმა ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვიცე-ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57) და სოფიო სომხიშვილი (+78) გახდნენ, მარიამ ჭანტურია (70) კი მესამეზე გავიდა.

ლიპარტელიანმა ჯგუფში უნგრელი იბოლია სიროკი ვაზარით, ხოლო ებრაელი არიელ ბაზალელი და ბრიტანელი ლელე ნაირნე წმინდად დაამარცხა. ნახევარფინალში ჩინელ ტონგჯუან ლუსთან მიითვალა, ფინალში კი თვითონ წააგო წმინდად პოლონელ არლეტა პოდოლაკთან.

სომხიშვილმა ესპანელი პატრიცია ფერერ ბარტულოსი დააიპონა, უკრაინელი გალინა ტარასოვა კი გაფრთხილებებით მოახსნევინა. ნახევარფინალში მორიგი იპონი პოლონელ იულია სვიატკიევიჩთან მიითვალა, ფინალში კი ჩინელ იან ვანთან წააგო.

ჭანტურია მეოთხედფინალში დამარცხდა გერმანელთა მომავალ ფინალისტ სარა მაკელბურგთან. მანამდე უნგრელ ეველინ სალანკის აჯობა, დამამშვიდებელში კი ფრანგი მაია ტოიე და ჩინელი ანქი სუნი დაამარცხა.

48 კილოგრამში ჩვენი ორივე მონაწილე პირველივე წრეში დამარცხდა – მარიამ ციხელაშვილმა (48) იტალიელ ჯულია სანტინისთან წააგო, ნატალია ყიფშიძემ კი – პოლონელ დანუტა მაიერთან.

52 კილოგრამში მარიამ ჯანაშვილმა ფრანგ მარიე ორსინს კი აჯობა, მაგრამ ჰოლანდიელ ხულიე კემინკთან ვერავერს გახდა, ხოლო ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი პირველივე წრეში დამარცხდა გერმანელ ვერენა ტუმთან.

ჩვენი ნაკრები პრაღაში ერთობლივ ვარჯიშებზე დარჩა, ხუთშაბათს კი სამშობლოში დაბრუნდებიან და მზადება მარტის ბოლოს დაგეგმილი თბილისის ტურნირისთვის გაგრძელდება.