სამი გოლი შექმნა, ერთი თავად გაიტანა – კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ტურინის „იუვენტუსთან“ სერია A-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელშიც ნეაპოლელებმა კონკურენტი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს – 5:1. ამ მატჩში მასპინძლებმა ტურინელების 8-მატჩიანი „მშრალი“ სერია შეაჩერეს – „იუვეს“ იტალიის ჩემპიონატის ბოლო რვა შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული.
„სტადიო მარადონაზე“ ლიდერების დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგებლობაში იყო და ანგარიშის გახსნაში დიდი როლი ითამაშა. მე-14 წუთზე მატეო პოლიტანოს გადაცემის შემდეგ კვარაცხელიამ ეფექტური „მაკრატელა“ დაარტყა, მეკარემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ვიქტორ ოსიმენმა „იუვეს“ კარის ბადე შეარხია – 1:0.
გოლის შემდეგ ტურინელებმა „ნაპოლის“ აქტიურად შეუტიეს და ანხელ დი მარიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. ამ დროს თამაშის სურათი ისევ ხვიჩამ შეცვალა – შეტევა ისევ პოლიტანომ წამოიწყო, ოსიმენის შესანიშნავი გადაცემით კი ხვიჩა კარის წინ დარჩა და მოჭრილი დარტყმით ნეაპოლელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა – 2:0. ზუსტად სამ წუთში ანხელ დი მარიამ კონტრშეტევაზე სხვაობა შეამცირა და „იუვენტუსი“ შესვენებაზე დაიმედებული გავიდა.
თუმცა, მეორე ტაიმში ისევ კვარაცხელიამ გაიბრწყინა და 55-ე წუთზე კიდევ ერთი საგოლე შეტევის თანამონაწილე გახდა. კუთხურიდან მისი გადაცემის შემდეგ კოსოვოელმა მცველმა, ამირ რახმანმა ტურინელების კარი მესამედ აიღო – 3:1.
65-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში რბილი გადაცემით ისევ ოსიმენს გაატანინა და მორიგი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
საფინალო ანგარიში 71-ე წუთზე ელიფ ელმასმა დააფიქსირა – 5:1.