სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი რვაწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი რვაწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის რვაწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ლეგენდარული ჩინელი მოცურავე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იან სუნი. 28 წლის სპორტსმენის დისკვალიფიკაციის ათვლა 2020 წლის 28 თებერვლიდან დაიწყება.

2018 წლის სექტემბერში, იან სუნს ჩინეთში საკუთარ სახლში ესტუმრნენ დოპინგ-ოფიცრები არაგეგმიური შემოწმების მიზნით. სპორტსმენს მათთან კონფლიქტი მოუვიდა: მოცურავის პირადმა მცველმა ჩაქუჩით გატეხა ჭურჭელი, რომელშიც სპორტსმენის სისხლი შეინახეს, თავად სუნმა კი შარდის ანალიზის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ მოცურავე უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ეს გადაწყვეტილები სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოოდ საქმე მოიგო.

იან სუნი 2012 წლის ოლიმპიადაზე 400 და 1500 მეტრ დისტანციებზე თავისუფალი სტილით ცურვაში გახდა ჩემპიონი, 2016 წელს – 200 მეტრზე თავისუფალი სტილით. ის მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონია და ამ მაჩვენებლით ისტორიაში მხოლოდ ლეგენდარულ ამერიკელ მაიკლ ფელპსს ჩამორჩება.