„სამგურალმა“ ვარჯიში განაახლა - წყალტუბოელები თურქეთის სუპერლიგის გუნდებს შეხვდებიან #1TVSPORT
„სამგურალმა“ ვარჯიში განაახლა - წყალტუბოელები თურქეთის სუპერლიგის გუნდებს შეხვდებიან #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. დღეს კი გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა. წყალტუბოელები საქართველოში ერთი კვირა ივარჯიშებენ და 20 ივლისს შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ერზრუმში გაემგზავრებიან.

სამგურალის“ სამზადისისა და დაგეგმილი ამხანაგური მატჩების შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ ისაუბრა.

„გუნდმა ერთი კვირა დაისვენა. ფეხბურთელებს მივეცით დავალებები, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად უნდა მომზადებულიყვნენ. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, მხოლოდ ნიკიტა სიმდიანკინი გვაკლია, რომელიც მალე შემოგვიერთდება. ერთი კვირა წყალტუბოში მოვემზადებით, 18 ივლისს საგურამოში ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ თბილისის „ლოკომოტივთან“. 20 ივლისს დილით კი ერზრუმში თურქულ შეკრებაზე გავემგზავრებით. მთიანი მხარეა, ზამთრის საკურორტო ზონაა და ზაფხულისთვის იდეალური მოსამზადებელი ადგილია. შეკრებაზე თურქეთის სუპერლიგის გუნდებთან სამი ამხანაგური თამაში დავგეგმეთ. ორი მეტოქე უკვე გარკვეულია. 23 ივლისს „გირესუნსპორს“ დავუპირისპირდებით, 28 ივლისს „უმრანიესპორს“ ვეთამაშებით. კიდევ ერთი მეტოქე თურქეთში გამგზავრებამდე გაირკვევა. შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩს 31 ივლისს გავმართავთ და თამაშის შემდეგ საქართველოში დავბრუნდებით. ორი დღე დავისვენებთ და შემდეგ „ლოკომოტივი 2“-თან სათასო მატჩისთვის მოვემზადებით, რომელიც 7 აგვისტოს საგურამოში გაიმართება. ვფიქრობ, თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გვექნება და განახლებულ სეზონს კარგ ფორმაში შევხვდებით“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

მოგეხსენებათ, „სამგურალმა“ მეორე წრეში ყველაზე მეტი მატჩი (7) მოიგო, ყველაზე მეტი ქულა – 22 დააგროვა და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის „დინამოსაც“ კი გადაუსწრო. გარდა ამისა, „სამგურალს“ მე–18 ტურამდე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. 20 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა… ამდენად, გასაკვირი არ იყო, რომ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გიორგი მიქაძე მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა და მას სპეციალური ჯილდო გადასცა. მიქაძის თქმით, ამაზე შეჩერებას არ აპირებენ.

„ჩემპიონატი გრძელდება, ჩვენ მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ. უკეთესის და უკეთესის მოლოდინში ვართ, რადგანაც ბიჭები უფრო მეტად შეთამაშდნენ, გარემოც მაქსიმალურად სპორტული და პროფესიონალურია. ერთმანეთის კარგად გვესმის, გუნდში ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემოა, ყოველივე ეს შედეგებზეც აისახება. შემთხვევითობა არაა, რომ თამაშებს ვიგებთ და ლიდერთა შორის ვიმყოფებით. იგეგმება თუ არა გუნდში ცვლილებები?! რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელები გვყავდეს, ახალწვეულებზე, რომლებიც გაგვაძლიერებენ და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან, უარს არ ვიტყვით. დავაკვირდებით რომელ პოზიციაზე უფრო დაგვჭირდება გაძლიერება და არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ დავიმატოთ“, – აცხადებს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი.