„სამგურალმა“ უკრაინულ გუნდთან მოიგო - ქართველმა მცველმა 80 მეტრიდან გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი“ ამხანაგურ შეხვედრაში „ლივი ბერეგს“ დაუპირისპირდა და უკრაინის პრემიერლიგის გუნდი 2:1 დაამარცხა.
წყალტუბოელებმა ტაიმები განსხვავებული შემადგენლობებით ითამაშეს, მწვრთნელებმა არაერთ ექსპერიმენტს მიმართეს. პირველი ტაიმი უკრაინელებმა მოიგეს, თუმცა, მატჩის მეორე ნახევარში წყალტუბოელებმა ხასიათი გამოავლინეს.
ტაიმის განახლებისთანავე ილია ახვლედიანმა დაახლოებით 80 მეტრიდან კარში დაარტყა და ერთ-ერთი გამორჩეული გოლის ავტორი გახდა – მეკარე წინ იყო გამოსული, ბურთი მიწიდან ასხლეტით უკრაინელთა კარში აღმოჩნდა და ანგარიში გათანაბრდა.
მატჩის ბოლო წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ „სამგურალის“ ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა – გამოცდილმა ფორვარდმა ბურთი პირდაპირ ცხრიანში გაუშვა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„სამგურალი“ (I ტაიმი): ყალიჩავა, იაშვილი, პატარკაციშვილი, აბულაძე, შერგელაშვილი, წულაია, ჯანჯღავა, ჯეფერსონი, ლ. ხორხელი, ჟან კარლოსი, მუჯირი.
(II ტაიმი): ბელოვი (ქასრაძე), ქარიმოვი, ახვლედიანი, კვარაცხელია, ბული, წულაია (ალი), იაშვილი (გოლეთიანი), ვინისიუსი, ნ. ხორხელი, ჩიხლაძე, ფანცულაია.
„სამგურალი“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 8 თებერვალს ყაზახურ „ქაირათთან“ გამართავს.