„სამგურალმა“ ოთხი ფეხბურთელი დაიმატა - ახალწვეულებში „დილას“ და „თელავის“ კაპიტნებიც არიან #1TVSPORT
„სამგურალმა“ ოთხი ფეხბურთელი დაიმატა - ახალწვეულებში „დილას“ და „თელავის“ კაპიტნებიც არიან #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალს“ კიდევ ოთხი ახალწვეული ჰყავს. გუნდში 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანდრია დევდარიანი ჩაირიცხა, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში (U16, U17, U18, U19) თამაშობდა.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება, ანდრია დევდარიანი, რომელიც ცნობილი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის ვაჟია, „საბურთალოს“ აღზრდილია, შემდეგ კი ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა. გასული სეზონი „საბურთალო-2“-ში გაატარა. დედაქალაქელთა ყოფილმა მწვრთნელმა, ხვიჩა შუბითიძემ ის მთავარ გუნდშიც დააწინაურა, მაგრამ ტრავმის გამო დიდ გუნდში თამაში ვერ შეძლო.

სამგურალის“ ფეხბურთელი გახდა 32 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი დავით მაისაშვილი – გორის „დილას“ ყოფილმა კაპიტანმა წყალტუბოს გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლო დღეს გააფორმა. მაისაშვილმა საფეხბურთო კარიერა თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, საიდანაც ლანჩხუთის „გურიაში“ გადავიდა, შემდეგ ითამაშა რუსთავის „მეტალურგში“, „ცხინვალში“, მარტვილის „მერანში“ და საჩხერის „ჩიხურაში“. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ის გორის „დილას“ ღირსებას იცავდა.

სამგურალმა“ „თელავიდან“ წამოსული ორი მოთამაშეც დაიმატა. გუნდში კარიერას 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ირაკლი რუხაძე გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ირაკლი რუხაძემ ბოლოს „თელავის“ რიგებში 5 წლის განმავლობაში იასპარეზა. გასულ სეზონში, ცოტა ხნით „სამტრედიაში“ იჯარით გადავიდა, მაგრამ მესამე წრეში „თელავს“ დაუბრუნდა. წინა ეროვნულ ჩემპიონატში რუხაძემ 7 გოლი გაიტანა (4 „თელავის“, 3 გოლი კი „სამტრედიის“ რიგებში). კარიერის საწყის ეტაპზე ის „სასკოში“, „საბურთალოსა“ და მარტვილის „მერანშიც“ თამაშობდა.

გუნდის ბოლო შენაძენი მიხეილ ბაშელეიშვილია – „სამგურალმა“ „თელავის“ ყოფილ კაპიტანთან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. მიხეილ ბაშელეიშვილს გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ბესიკ ხაჭიპერაძემ მას სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა. 24 წლის მიხეილ ბაშელეიშვილი ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია. „თელავში“ თითქმის დაარსების წლიდან თამაშობდა და გუნდის ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. გასულ ჩემპიონატში მან 29 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.