„სამგურალმა“ მოიგო, ლიდერი ზუგდიდში დამარცხდა
„სამგურალმა“ მოიგო, ლიდერი ზუგდიდში დამარცხდა

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-12 ტურის სამი მატჩი გაიმართა, რომელმაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვილებები შეიტანა, ლიდერმა კი მტკივცნეული მარცხი იწვნია.

რუსთავის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავი“ „ვიტ ჯორჯიასთან“ დამარცხდა. ანგარიში 47-ე წუთზე ომარ ბულუხაძემ გახსნა. მალე ზურაბ მუსელიანმა პენალტით (56) მასპინძელთა კარი მეორედ აიღო, ხოლო 90+6-ე წუტზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3 „ვიტ ჯორჯიას“ სასარგებლოდ.

წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“ „სამგურალმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა. ანგარიში მასპინძელთა თავდამსხმელმა თენგიზ ბრეგვაძემ 69-ე წუთზე გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე წყალტუბოელთა შეტევა ზუსტი დარტყმით პაპუნა ფონიავამ დააგვირგვინა. „სამგურალმა“ 2:0 მოიგო და მესამე ადგილზე დაწინაურდა.

განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის „დინამოსა“ და გათამაშების ლიდერს ქობულეთის „შუქურას“ მატჩში პირველი გოლი სტუმართა თავდამსხმელმა დავით ჯიქიამ მე-5 წუთზე გაიტანა, 35-ე წუთზე „დინამოს“ ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრა მეორე ნახევარშიც დაძაბულად წარიმართა. ზუგდიდელები ლუქმან გილმორის გოლით 63-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა 71-ე წუთზე გამოცდილი დიმიტრი ტატანაშვილის გოლით ანგარიში გაქვითეს. გადამწყვეტი გამოდგა 74-ე წუთზე ზუგდიდელთა მცველის, პაპუნა მოსემღვდლიშვილის გატანილი გოლი, გათამაშების ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ზუგდიდის „დინამომ“ ლიდერი, „შუქურა“ დაამარცხა 3:2 და მეექვსე ადგილზე აღზევდა.

12 ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა 5 ოქტომბერს გაიმართება: „გაგრა“ „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ „შევარდენი 1906“-ს ესტუმრება და მოგების შემთხვევაში, ლიდერ „შუქურასთან“ ჩამორჩენას 2 ქულამდე შეამცირებს. ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში დუშეთის „არაგვი“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს.