„სამგურალმა“ მოიგო და ევროსაგზურს მიუახლოვდა - „სიონმა“ ქულა ბოლო წამზე დაკარგა #1TVSPORT
„სამგურალმა“ მოიგო და ევროსაგზურს მიუახლოვდა - „სიონმა“ ქულა ბოლო წამზე დაკარგა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში დაამარცხა 2:1.

წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. „სამგურალი“ მოგებით ევროსაგზურისთვის ბრძოლაში კონკურენტებს 5 ქულით გაასწრებდა, ხოლო „სიონი“ პლეიაუტის ზონას თავს დროებით დააღწევდა.

მასპინძლების უპირატესობის მიუხედავად, 31-ე წუთზე ანგარიში ბოლნისელებმა გახსნეს – დავით ზურაბიანის მოწოდებული კუთხურის დროს მცველებს ლუკა ასათიანმა დაასწრო და ლამაზი თავური დარტყმით „სიონი“ წინ გაიყვანა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს და მიზანს მიაღწიეს. მატჩის გმირი ირაკლი რუხაძე გახდა, რომელმაც 68-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. დამატებულ წუთებზე „სიონის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ისევ რუხაძემ გამოიყენა და გუნდს გამარჯვება მოუტანა 2:1.

აღსანიშნავია, რომ რუხაძემ დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა და ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავაში 13 გოლით მეორეზე დაწინაურდა – მას მხოლოდ ჯოვინო ფლამარიონი (16) ასწრებს.

სამგურალმა“ 31 ტურის შემდეგ 51 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და კონკურენტები, გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ 5 ქულით ჩამოიტოვა, ხოლო „სიონი“ 30 ქულით ისევ მე-8 პოზიციაზეა.