„სამგურალმა“ „ჩიხურა“ დაამარცხა
„სამგურალმა“ „ჩიხურა“ დაამარცხა

ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის მეორე მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხი 2-ზე“ გაიმართა – საჩხერის „ჩიხურამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

გოლები მატჩის მიწურულს გავიდა. ამ დაძაბული შეხვედრის კვანძი ბოლოსკენ გაიხსნა. 77-ე წუთზე, წყალტუბოელებმა კუთხური შეასრულეს, პაპუნა ფონიავამ ბურთს საჯარიმოში მიმართულება შეუცვალა, კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა „სამგურალის“ ცენტრალურმა მცველმა შალვა ბურჯანაძემ კი ზუსტად დაარტყა და კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.

საჩხერელები მთელი გუნდით შეტევაზე წავიდნენ და დაცვა მოაშიშვლეს. ამით წყალტუბოელებმა ისარგებლეს და მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს – 81-ე წუთზე თანაგუნდელების წამოწყებული შეტევა კარგად განავითარა სერგო კუხიანიძემ, მცველებს გაექცა და ანგარიში 0:2 გახადა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, „სამგურალმა“ გასვლაზე მოიგო და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა განმეორებით მატჩამდე, რომელიც წყალტუბოში გაიმართება.

პლეი ოფის ორივე განმეორებითი შეხვედრა შაბათს, 19 დეკემბერს გაიმართება:

სამგურალი – ჩიხურა

13:00. წყალტუბო. „26 მაისი – არენა“

ტორპედო – გაგრა

18:00. ქუთაისი. „რამაზ შენგელია – არენა“