„სამგურალმა“ ამხანაგური მატჩები მოგებით დაასრულა

10:49, 07.07.2020

წყალტუბოს „სამგურალმა“ ქობულეთის „შუქურას“ ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და ეროვნული ლიგა2-ის ლიდერი დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.

მე-10 წუთზე ანგარიში პაპუნა ფონიავამ გახსნა, 44-ე წუთზე სერგო კუხიანიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თავად დაზარალებულმა გოლად აქცია – 2:0. მეორე ტაიმში სტუმრებს ანგარიშის შემცირების შანსი მიეცათ, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს. 80–ე წუთზე „შუქურას“ კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გიგი იოსელიანმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

ეს „სამგურალის“ მეორე საკონტროლო მატჩი იყო. პირველში წყალტუბოელებმა ფოთის „კოლხეთი“ 4:0 დაამარცხეს.

უჩა სოსიაშვილის გუნდმა ამით ამხანაგური შეხვედრები დაასრულა. 15 ივნისს „სამგურალი“ ეროვნული ლიგა 2–ის მესამე ტურში სტუმრად ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება, ხოლო ქობულეთის „შუქურა“ 13 ივლისს ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ზუგდიდის „დინამოს“ შეხვდება.

მსგავსი