„სამგურალის“ უკრაინელი მწვრთნელი - კონტრაქტი მიმთავრდება და ახლა საკითხი კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია #1TVSPORT
„სამგურალის“ უკრაინელი მწვრთნელი - კონტრაქტი მიმთავრდება და ახლა საკითხი კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა გუნდის მთავარ მწვრთნელს, უკრაინელ სპეციალისტს, ოლეკსანდრ პოკლონსკის, რომელმაც „სამგურალი“ ოქტომბერში ჩაიბარა.

საბოლოოდ გუნდმა ეროვნულ ლიგაში სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა, სამეულამდე და ევროტურნირების საგზურამდე კი 3 ქულა დააკლდა. ამავე დროს „სამგურალმა“ საქართველოს თასის ნახევარფინალშიც ითამაშა, სადაც თასის მფლობელ „საბურთალოსთან“ დამარცხდა.

„სამწვრთნელო კარიერა „დნიპროში“ დავიწყე. თავდაპირველად 19 წლამდელთა გუნდს ვწვრთნიდი, შემდეგ ვიმუშავე დუბლებში და ძირითად გუნდში. ასევე ვწვრთნიდი „ნიკოპოლს“, რომელიც დნიპროს ბაზაზე შეიქმნა და მეორე ლიგაში გამოდიოდა. ბოლოს პირველი ლიგის „აგროში“ ვმუშაობდი, ახალი სეზონისთვის ვემზადებოდით და ამასობაში უკრაინაში ომი დაიწყო. ჩვენს ხელში არაერთმა ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა გაიარა, მაგალითად, ანდრეი ლუნინმა, არტიომ დოვბიკმა, ევგენ ჩებერკომ, ეგორ ნაზარინმა და სხვებმა.

ჩამოსვლამდე ქართულ ფეხბურთზე ინფორმაციას ვფლობდი. ვიცოდი, რომ ქართველებს ყოველთვის ტექნიკური და კარგი ფეხბურთელები გყავდათ. გუნდში საკმაოდ დაძაბული ფონი დამხვდა, ფეხბურთელები დეპრესიულები იყვნენ და საკუთარი თავის რწმენა აკლდათ – ალბათ წარუმატებელი სერიის გამო. დავალება ევროტურნირებზე მოხვედრა იყო.

რაც შეეხება სათამაშო სტილს, მიყვარს პირველ ნომრად თამაში, ბურთის ტოტალური ფლობა და შეტევიდან დაცვაში სწრაფი დაბრუნება. ჩემთვის იდეალური გუნდი გვარდიოლას დროინდელი „ბარსელონა“ იყო. სათამაშო სტილში ცვლილებები? მსურდა მოკლე და საშუალო პასებით თამაში, რომ ხშირად შეეცვალათ შეტევის მიმართულებები და თავდასხმაში უფრო აგრესიული ყოფილიყვნენ. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში კი მაშინვე ართმევაზე ეთამაშათ.

„სამგურალს“ გასულ წელს სტადიონის პრობლემა შეექმნა და საშინაო მატჩებს სხვა ქალაქებში ატარებდა. ამის გარდა, კიდევ სხვა სირთულეებსაც გადავაწყდით. მოკლედ ვიტყვი – მთავარი იყო სავარჯიშო მოედნები და ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

უმრავლეს შეხვედრებში გუნდი თამაშს 1 ან 2 გაშვებული გოლის შემდეგ იწყებდა. ასე იყო ბათუმის „დინამოსთან“, „სამტრედიასთან“ და „საბურთალოსთან“. დღემდე ვერ ვხვდები, ასე რატომ ხდებოდა. ხუმრობით ვიტყვი, ალბათ ბიჭები გაშვებული გოლების შემდეგ უფრო ბრაზდებოდნენ…

საქართველო ძალიან მომეწონა, წყალტუბოს რაც შეეხება, ეს ქალაქი ძალიან შემიყვარდა. ვიქნები თუ არა „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონში? კლუბთან კონტრაქტი 15 დეკემბერს მიმთავრდება. „სამგურალში“ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, თუმცა ეს კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია და მათ აზრს პატივს ვცემ.

მადლობა კლუბის თავკაცებს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე საქართველოს, აქ გატარებული პერიოდი არასდროს დამავიწყდება… მადლობა სამწვრთნელო შტაბს, კლუბში დასაქმებულ ყველა ადამიანს და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და ეცადნენ, რომ დასახული მიზნისთვის მიგვეღწია“, – ამბობს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი.