„სამგურალის“ პრეზიდენტი - საინტერესო ჩემპიონატს ველი, ჩვენ კი, იმედია, გაცილებით უკეთესი გუნდი გვეყოლება #1TVSPORT
„სამგურალის“ პრეზიდენტი - საინტერესო ჩემპიონატს ველი, ჩვენ კი, იმედია, გაცილებით უკეთესი გუნდი გვეყოლება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი ანტალიაში იმყოფება, სადაც გუნდი სეზონისთვის ემზადება. მან მთავარი მწვრთნელის შეცვალაზე, კლუბის სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

„სეზონის შემდეგ გიორგი მიქაძის გათავისუფლება შედეგის გამო არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ევროთასებზე ვერ გავედით, მიმაჩნია, რომ სამწვრთნელო შტაბმა საკმაოდ კარგად იმუშავა. ჩვენ მადლიერები ვართ გიორგის, რადგანაც მის ხელში თვისობრივად უკეთესი გუნდი მივიღეთ, ვიდრე იქამდე გვყავდა. ფეხბურთელებმა თავიანთი თავის ირწმუნეს და მეტი გამოცდილება მიიღეს.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები დაგეგმილი არ გვქონდა, მაგრამ როცა ახალი სეზონისთვის მომზადების გეგმებს განვიხილავდით, ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რაღაც საკითხებში ვერ შევჯერდით… აცდენა გვქონდა სამომავლო გეგმებში და გუნდის განვითარების ხედვაში, რის გამოც გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე თანამშრომლობა შეწყვეტილიყო. მის ნაცვლად ახალგაზრდა გიორგი ჭელიძე დაინიშნა, რომლის ხედვები ჩვენი კლუბისთვის მისაღებია. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ წლეულს გაცილებით უკეთესები ვიქნებით, ვიდრე გასულ სეზონში.

ნებისმიერი გუნდისთვის, რომელიც წყალტუბოში ჩამოდიოდა, ერთი ქულაც კარგ შედეგად ითვლებოდა და ეს წლეულსაც გაგრძელდება. ეროვნულ ლიგაში ჩვენ ანგარიშგასაწევი ძალა გავხდით და ეს ყველაფერი სიამაყის გრძნობას იწვევს. გუნდი ყოველ წელს განვითარებისთვის და უკეთესობისთვის უნდა იბრძოდეს და ჩვენ არჩეულ გზას არ გადავუხვევთ.

2023 წელს ძალიან დაძაბულ და საინტერესო ჩემპიონატს ველი. ტრადიციული ფავორიტები, რომლებსაც ჩემპიონობის პრეტენზია აქვთ, კიდევ უფრო გაძლიერდნენ. დავესწარი თბილისის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ მატჩებს, ეს გუნდები უკეთესობისკენ არიან შეცვლილი. ჩვენს გუნდშიც გარკვეული ცვლილებებია, სელექციის პროცესში ვართ, რამდენიმე ლეგიონერი ვარჯიშობს გუნდთან ერთად, ზოგთან გავაფორმებთ კონტრაქტი, ზოგს ვაკვირდებით… ვმუშაობთ, რომ ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავდეს. ჯერ კიდევ ველოდებით ფეხბურთელებს და შეკრების ბოლოს გუნდი საბოლოოდ დაკომპლექტდება“, – ამბობს მიხეილ იაშვილი.