„სამგურალის“ პრეზიდენტი - ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის პროფლიგის აღდგენა მნიშვნელოვანია #1TVSPORT
ქართული საკლუბო ფეხბურთის წინსვლისთვის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბება აუცილებელია – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან წყალტუბოს „სამგურალის“ პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა განაცხადა.
„ბოლო დროს სტადიონების პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდა. უკვე გვაქვს რამდენიმე ისეთი სტადიონი, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
ახალი სტადიონების მშენებლობაც იგეგმება. წინა წლებთან შედარებით უკეთესად შუქდება ეროვნული ლიგა, მაგრამ, ეს პირველი ეტაპია და ვფიქრობ, ჩემპიონატის პოპულარიზაციის მიზნით უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.
ჩემი აზრით, ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენაა – ამაზე შარშან ფეხბურთის ფედერაციასთან ვისაუბრეთ. კარგი იქნება, ამ კუთხით ნაბიჯებს აქტიურად თუ გადავდგამთ და ამაში სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის განვითარების ფონდიც ჩაერთვება.
ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია ასე უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, წელს გარკვეული მონახაზი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ სეზონში ჩემპიონატი პროფლიგამ ჩაატაროს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მიხეილ იაშვილმა.