„სამგურალის“ მწვრთნელი - გუნდში გაჩნდა ქიმია, „ტორპედოსთან“ მოგება შემთხვევითი არ ყოფილა #1TVSPORT
„სამგურალის“ მწვრთნელი - გუნდში გაჩნდა ქიმია, „ტორპედოსთან“ მოგება შემთხვევითი არ ყოფილა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩზე, რომელიც მისმა გუნდმა გასვლაზე 1:2 მოიგო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

„ვემზადებოდით მატჩისთვის, ვიცოდით, რომ „ტორპედო“ ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და მით უმეტეს, ქუთაისში, მათ სტადიონზე ვხვდებოდით. შევეცადეთ, თავი კარგად დაგვეცვა, კონტრშეტევებზე გვეთამაშა და სტანდარტულები ნაყოფიერად გამოგვეყენებინა. მე ვფიქრობ, ყველაფერი სწორად დავგეგმეთ. პირველ ტაიმში ანგარიში წავიყვანეთ და მეორე ტაიმში შევეცადეთ, დაცვა გაგვეძლიერებინა და ანგარიში შეგვენარჩუნებინა“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის შენების სირთულეებზე ისაუბრა:

„აწყობის პროცესში ვართ. ახალი მწვრთნელი ვარ და რა თქმა უნდა, „სამგურალში“ ჩემი შეხედულებებით ჩამოვედი. ეს არ იყო ადვილი, რადგან დრო გვინდოდა. უამინდობის გამო თამაშები რომ გაცდა, ეს გარკვეულწილად სასარგებლოც იყო, რადგან გუნდთან სამუშაო დრო გაგვიჩნდა. ნელ-ნელა „სამგურალიშეთამაშდა და ფეხბურთელები უკვე ერთმანეთს გრძნობენ. ამას გარდა, სამწვრთნელო სტაფი და ფეხბურთელები გავერთიანდით და ჩვენს შორის გაჩნდა ქიმია. შემთხვევით არ იყო, „ტორპედოსთან“ რომ გავიმარჯვეთ“.