„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - საშინაო შეხვედრების გასვლაზე ჩატარება გვიწევს, ჯერ დალაგების პროცესში ვართ #1TVSPORT
„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - საშინაო შეხვედრების გასვლაზე ჩატარება გვიწევს, ჯერ დალაგების პროცესში ვართ #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – გუნდმა ზესტაფონში თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და 3:1 გაიმარჯვა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის თქმით, პირველ ტაიმში „სამგურალმა“ ალოგიკური გოლი გაუშვა და ამის მიზეზები ახსნა.

„თბილისის „ლოკომოტივთან“ რთული თამაში გვქონდა და ამას ველოდებოდით. ინიციატივას ვფლობდით, სამწუხაროდ, პირველ ტაიმში გოლი კონტრშეტევაზე გაგვეპარა. ვფიქრობ, ალოგიკური იყო, 0:1-ს რომ ვაგებდით, რადგან ერთი შეცდომა დავუშვით და გაგვიტანეს. მეორე ტაიმში უფრო თამამები ვიყავით. შესაბამისად, ხარისხმაც მოიმატა და გოლებიც გავიტანეთ“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, მოგების მიუხედავად, გუნდი ჯერ საკუთარ პოტენციალს სრულად ვერ ავლენს:

„ჩვენ ზესტაფონის სტადიონზე ვთამაშობთ და რეალურად, საშინაო შეხვედრების გასვლაზე ჩატარება გვიწევს. თან ახალი შემადგენლობაა, ახალი მწვრთნელი ვარ და ბიჭები ცოტას ნერვიულობენ. ახლა დაწყობის და დალაგების პროცესში ვართ. ბოლო შეხვედრაში ბევრი ხარვეზი ამის გამო გვქონდა“, – განაცხადა მიქაძემ.

სამგურალის“ საშინაო არენა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონია, რომელზეც გუნდი ეროვნული ლიგის ახალი სეზონის მატჩებს ვერ ატარებს, რადგან მოედნის საფარი უნდა შეიცვალოს. კლუბის პრეზიდენტის, მიხეილ იაშვილის თქმით, „სამგურალი“ წყალტუბოში მაისში დაბრუნდება.