„სამგურალის“ მცველი - ევროტურნირებზე წარმატების მისაღწევად მეტი ინვესტიციაა საჭირო #1TVSPORT
„სამგურალის“ მცველი - ევროტურნირებზე წარმატების მისაღწევად მეტი ინვესტიციაა საჭირო #1TVSPORT

დავით მაისაშვილი წყალტუბოს „სამგურალთან“ ერთად ანტალიაში ემზადება – 33 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველის თქმით, ევროტურნირებზე წარმატების მისაღწევად ქართულ კლუბებს მეტი ფული სჭირდებათ.

„საქართველოს ჩემპიონატი არ არის მარტივი სათამაშო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აქ საკმაოდ კარგ დონეზე ნათამაშები ლეგიონერები და გამოცდილი ფეხბურთელები ჩამოსულან, მაგრამ ფეხის მოკიდება ბევრს გასჭირვებია. ელიგას თავისი სპეციფიკა აქვს, ვფიქრობ, სისწრაფეები და ტაქტიკური მხარეც უფრო გაუმჯობესდება. სტადიონებიც კეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოწესრიგებულ მოედნებზე თამაში ჩემპიონატს უფრო გაალამაზებს, უფრო დაძაბულს და სანახაობრივს გახდის.

რას უნდა დავაბრალოთ ევროტურნირებზე ქართული გუნდების წარუმატებლობა? ამას ბევრი მიზეზი აქვს, წამყვანი ფეხბურთელების წასვლა, ევროტურნირების წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები და ბევრი სხვა რამ. თუმცა, წლეულს ბათუმის „დინამოს“ ძალიან კარგი შანსი ჰქონდა – „სლოვანი“ რომ ჩამოეცილებინა, შეიძლება ჯგუფშიც შესულიყო. სულ რაღაც მცირედი გვაკლდება.

წარმატების მისაღწევად მეტის გაღებაა საჭირო. პატარა, არასაფეხბურთო ქვეყნების მაგალითი ავიღოთ, საკლუბო ფეხბურთში ფული ჩადეს, სწორი მიმართულებით მიდიან და შედეგებიც აქვთ. ჩვენც რაღაც გეგმა უნდა შევიმუშავოთ, სწორი მიმართულებით ვიაროთ და ქართული საკლუბო ფეხბურთიც უფრო განვითარდება. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. „ყარაბაღის“ მაგალითზე გეტყვით, სადაც ჩემი მეგობარი ლუკა გუგეშაშვილი თამაშობს. ამ გუნდში ძალიან დიდი ფინანსები ჩაიდო, ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანამ კარგი შედეგი გამოიღო და ჯგუფურ ეტაპზე ყოველწლიურად თამაშობს.

მჯერა, რომ წლეულს ძლიერი ჩემპიონატი იქნება. „ტორპედო“ ძლიერდება. ბათუმის და თბილისის „დინამოები“ ტრადიციულად ძლიერი კლუბებია, კვლავ ამბიციურია გორის „დილა“ და ჩვენც კარგი გუნდი გვეყოლება… ეროვნულ ლიგაში რაც უფრო მეტი კონკურენცია და დაძაბულობა იქნება, ჩემპიონატის დონეც უფრო აიწევს. სწორედ ასეთ ვითარებაში იზრდება ფეხბურთელი და შედეგიც ამ დროს მოდის“, – ამბობს „სამგურალის“ მცველი.