„სამგურალის“ კაპიტანი - წაგებას და ათი კაცით დარჩენას არ ვიმსახურებდით (ვიდეო)
„სამგურალის“ კაპიტანი - წაგებას და ათი კაცით დარჩენას არ ვიმსახურებდით (ვიდეო)

წყალტუბოს „სამგურალის“ კაპიტანმა, თედო კიკაბიძემ „გაგრასთან“ საქართველოს თასის ფინალში წაგებაზე ილაპარაკა – მის აზრით, გუნდი წაგებას, ხოლო თავად – მოედნიდან გაძევებას არ იმსახურებდა.

„არ ვიცი საიდან დავიწყო, მსაჯებით, უიღბლობით, ქართული ფეხბურთით თუ სხვა რამით, მაგრამ ერთი ვიცი – არაფერი დაგვითმია, ათი კაცით მოწინააღმდეგეს თანაბრად ვეთამაშეთ და წაგებას არ ვიმსახურებდით. არც ათი კაცით დარჩენას ვიმსახურებდით, მაგრამ ყველაფერი ხდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვამხნევებდა და გვერდში გვედგა, მადლობა და ბოდიში რომ იმედები გაგიცრუეთ. მადლობა კიდევ იმ გულშემატკივარს, ვინც ასეთ ვითარებაში მაინც შეძლო გორში ჩამოსვლა და მთელი თამაში გვამხნევებდა. ბრძოლა გრძელდება, წინ ჩემპიონატში მარტვილის ,,მერანთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, მჯერა, რომ ბიჭები ყველაფერს ჩადებენ ამ თამაშში და პლეი ოფში გავალთ“, – ამბობს თედო კიკაბიძე.

4 დეკემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ თავის ისტორიაში მეორედ გახდა. წყალტუბოელთა პროტესტი მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. 55-ე წუთზე, „გაგრას“ თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია მეტოქის კარისკენ დაიძრა, როდესაც წყალტუბოელთა კაპიტანმა, თედო კიკაბიძემ ხელი ჰკრა და მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. 58-ე წუთზე კი მეტოქის საჯარიმოში მცველთა ბრძოლაში წაქცეული სერგო კუხიანიძე პენალტის დანიშვნას ელოდა, როდესაც მსაჯმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი აჩვენა.