„სამგურალის“ იაპონელი ლეგიონერი - საქართველომ კვარაცხელიას გამო დამაინტერესა #1TVSPORT
„სამგურალის“ იაპონელი ლეგიონერი - საქართველომ კვარაცხელიას გამო დამაინტერესა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ იაპონელმა ლეგიონერმა, ტაიკი კაგაიმამ კომენტარი გააკეთა ახალი გუნდის, თანაგუნდელებისა და საქართველოს შესახებ.

„წყალტუბოს „სამგურალი“ ახალ ისტორიას წერს, დიდი მიზნები აქვს და მიხარია, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვარ. ჩემპიონატი იდეალურად არ დაგვიწყია, მაგრამ საჭირო ქულები ავიღეთ. მომდევნო ორი შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება. ბოლო ტურში „ტორპედოსთან“ 90 წუთი ვითამაშე და მოედანზე დაბრუნება ძალიან კარგი შეგრძნება იყო. ძლიერი გუნდია და მის წინააღმდეგ თამაში იოლი არ გახლდათ. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია – უფრო კომპაქტურად თამაში და უკეთესი შეთამაშება გვჭირდება.

საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ თქვენმა ქვეყანამ ხვიჩა კვარაცხელიას გამო დამაინტერესა. აქ ჩამოსვლამდე „სამგურალზე“ ინფორმაცია ინტერნეტით მოვიძიე, თამაშებს კი „იუთუბზე“ ვუყურებდი. ყოველთვის მინდოდა, ევროპაში მეთამაშა. ამიტომ აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და ვეცდები, ჩემს ახალ გუნდთან ერთად ისტორია დავწერო.

ოსაკადან ვარ, იაპონიაში სიდიდით მეორე ქალაქიდან, სადაც 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქ კი პატარა, წყნარ ადგილას ვცხოვრობ და ბუნება ძალიან მომწონს, ისევე როგორც სამზარეულო, ხინკალი და ხაჭაპური. აქ ბევრი მეგობარი შევიძინე, ჯუდ არტური, ლუკა, დემიკო და ჩვენი ფიზიოთერაპევტი, რომლებიც ხშირად მეხუმრებიან. ვერ ვიგებ, რაზე საუბრობენ, მაგრამ ძალიან მეგობრულები და კეთილი ადამიანები არიან,“ – ამბობს ტაიკი კაგაიმა.