„სამგურალის“ ფეხბურთელებით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ - წყალტუბოში მათ გაშვებას არ გამორიცხავენ #1TVSPORT
„სამგურალის“ ფეხბურთელებით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ - წყალტუბოში მათ გაშვებას არ გამორიცხავენ #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნების და საკმაოდ წარმატებული თამაშების შემდეგ, წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელებით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ, – ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა ისაუბრა.

„არ დავმალავ, „სამგურალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ არის დაინტერესება. თუმცა ამ მოთამაშეების დასახელებისგან თავს შევიკავებ. კონკრეტულ ინფორმაციას სეზონის დასრულების შემდეგ გავაჟღერებთ“, – განაცხადა მიხეილ იაშვილმა.

თუმცა, ამ დაინტერესების მიუხედავად, წყალტუბოს „სამგურალის“ პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ძირითადი შემადგენლობის ბირთვს შეინარჩუნებს ან გუნდში წასულების სათანადო შემცვლელებს მიიყვანს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ, მაგრამ თუ მოგვიწია ფეხბურთელის გაცილებით მაღალი დონის გუნდში და ჩემპიონატში გაშვება, შევეცდებით, სანაცვლოდ ისეთი ფეხბურთელები მოვიყვანოთ, რომ ადეკვატური შევსება გვქონდეს“, – ამბობს იაშვილი.

წყალტუბოს „სამგურალის“ ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი სერგი კუხიანიძეა – 22 წლის თავდამსხმელი, რომელმაც ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა „დინამო თბილისთან“ 4 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. ვილი სანიოლმა წყალტუბოელი იმედისმომცემი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია და ნიდერლანდებთან ამხანაგურ შეხვედრაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.