„სამგურალის“ ფეხბურთელები თასის ფინალის წინ - გულშემატკივრის მხრივ პატარა უპირატესობა გვაქვს #1TVSPORT
„სამგურალის“ ფეხბურთელები თასის ფინალის წინ - გულშემატკივრის მხრივ პატარა უპირატესობა გვაქვს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ ისტორიაში პირველად დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასს მოიგებენ – ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოსაგებად გუნდი დღეს, 8 დეკემბერს ქუთაისში თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

სამგურალის“ მოთამაშეები იმედიანად არიან.

თედო კიკაბიძე:

„შარშანდელ ფინალში დასანანი მარცხის შემდეგ, „საბურთალოსთან“ თამაშს ორმაგად მოტივირებული ვხვდებით. გუნდში საბრძოლო განწყობაა, რაც იმედს მაძლევს, რომ შეხვედრა ჩვენთვის სასარგებლოდ დამთავრდება და კლუბის ისტორიაში პირველად მოვიპოვებთ ტიტულს. ეს საშუალებას მოგვცემს, ამ პატარა ქალაქის გუნდი ევროსარბიელზე წარმოვადგინოთ“.

ლევან ქურდაძე:

„თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედით და ვეცდებით შარშანდელი გამოცდილება გამოვიყენოთ… გუნდში ამაღლებული განწყობაა, ყველა მზადაა საბრძოლველად. ქალაქში იგრძნობა გულშემატკივრის მობილიზება. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი მოვა თამაშზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად“.

ომარ პატარკაციშვილი:

„კარგია, რომ ფინალს დანაკლისის გარეშე ვხვდებით, ყველა ასი პროცენტით მზადაა სათამაშოდ. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, კარგი, ახალგაზრდული გუნდია, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ვფიქრობ, კარგი და დაძაბული თამაში უნდა გამოვიდეს. დიდი მნიშვნელობა ექნება გულშემატკივარს, ამ მხრივ პატარა უპირატესობა გვაქვს და ვთხოვ ყველას, ვისაც საშუალება ექნება, არ დაიზაროს, მოვიდეს და გვიგულშემატკივროს“.

ლუქმან გილმორი:

„ჩვენი მიზანი ტიტულის მოგებაა. გვესმის, რომ იოლი მატჩი არ იქნება, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. „სამგურალი“ გასულ წელსაც იყო თასის ფინალში, მაგრამ ტიტულის მოგება ვერ შეძლო, მაშინ წყალტუბოელი გულშემატკივარი ძალიან გულგატეხილი იყო. ახლა ვეცდებით, თასი მოვიგოთ, ხალხი გავახაროთ და მათ სახეებზე ღიმილი დავაბრუნოთ“.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი „სამგურალსა“ და „საბურთალოს“ შორის 8 დეკემბერს, „რამაზ შენგელია არენაზე“ 17:00 დაიწყება.