„სამგურალის“ ბრაზილიელი ლეგიონერი - ბედნიერი ვარ, რომ თბილისის „დინამოსთან“ გუნდს მნიშვნელოვან მომენტში დავეხმარე #1TVSPORT
„სამგურალის“ ბრაზილიელი ლეგიონერი - ბედნიერი ვარ, რომ თბილისის „დინამოსთან“ გუნდს მნიშვნელოვან მომენტში დავეხმარე #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ 20 წლის ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ვინისიუს ვიანამ კომენტარი გააკეთა „დინამო თბილისთან“ გამარჯვებაზე (3:1). სამხრეთამერიკელი საყრდენი ნახევარმცველი „სამგურალს“ ჩემპიონატის დაწყების შემდეგ შეუერთდა და უკვე ძირითადის უცვლელი ფეხბურთელი გახდა. ბრაზილიელმა „დინამოსთან“ სადებიუტო გოლიც გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გავიტანე, გუნდს მნიშვნელოვან მომენტში დავეხმარე და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. როგორ მოვახერხეთ თამაშის შემობრუნება? შესვენებაზე მწვრთნელმა ჩვენს თამაშში კორექტივები შეიტანა, რის შემდეგაც მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დიდი როლი ითამაშა გულშემატკივარმაც – შესანიშნავი ქომაგობა იყო.

სეზონი თავიდან კარგად ვერდავიწყეთ, მაგრამ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ, გუნდს პროგრესი ეტყობა, მჯერა, რომ გამარჯვებებიც აუცილებლად იქნება.

თავიდან „სამგურალში“ კლიმატისა და ენის ბარიერის გამო გამიჭირდა, მაგრამ ბრაზილიელი თანაგუნდელები ბული და ჟანი ადაპტაციაში დამეხმარნენ. თანაგუნდელები შესანიშნავი ბიჭები არიან, ძალიან კარგად მიმიღეს, გვერდით დამიდგნენ და ამ მხარდაჭერისთვის მინდა, მათ მადლობა ვუთხრა.

საქართველოში საკმაოდ კარგი ჩემპიონატია, სეზონში ბევრი მატჩი გვიწევს, ბევრი ძლიერი გუნდია, აქ თამაში იოლი არ არის. წყალტუბო ძალიან მშვიდი ქალაქია, რაც ძალიან მომწონს. ვვარჯიშობ, ვსწავლობ ინგლისურს, თავისუფალ დროს კი ვიდეოთამაშებით ვერთობი“, – განაცხადა „სამგურალის“ ლეგიონერი.