„სამგურალის“ ბრაზილიელი ახალწვეული – მინდა, „სამგურალის“ ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო #1TVSPORT

14:55, 19.07.2025

წყალტუბოს „სამგურალმა“ ორი ბრაზილიელი მოთამაშე დაიმატა – 23 წლის ცენტრალური მცველი პაბულო რაიანი და 27 წლის შემტევი ველისოლ ოლივეირა.

ახალწვეულებმა კონტრაქტის გაფირმების შემდეგ კომენტარი გააკეთეს და საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრეს.

პაბულო რაიანი: „გუნდში პირველივე დღიდან თბილად მიმიღეს, ადაპტაციაც არ გამჭირვებია – თანაგუნდელებს იოლად შევეწყვე. „სამგურალში“ კარგი გარემოა და ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს, საუკეთესო თვისებების გამოსავლენად. კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმი და გუნდურობაა, ვარჯიშებზე კი ხალისიანი განწყობაა.

„სამგურალში“ სერიოზული პროექტი დავინახე, მომავლის ხედვითა და ზრდის შესაძლებლობებით. მომწონს კლუბის სტრუქტურა, დამოკიდებულება და ის, თუ როგორ ეპყრობიან სპორტსმენებს. მინდა, გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო და „სამგურალის“ ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო“.

ველისოლ სანტოს დე ოლივეირა: „სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან გამარჯვება მიყვარს. საქართელოში სწორედ ამ განწყობით ჩამოვედი. ვიცი, რომ თქვენ ქვეყანაში ფეხბურთი ვითარდება, კლუბის შემოთავაზებული პირობებით კმაყოფილი ვარ. პერსონალი და თანაგუნდელები შესანიშნავად დამხვდნენ. ეს თავდაჯერებულობას მმატებს, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ „სამგურალში“ ბრაზილიელი მწვრთნელი დაგვხვდა, ყველა ბრაზილიელი, ვინც აქ ადრე თამაშობდა, წარმატებული იყო. მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, რომ გოლებით და საგოლე მოქმედებებით კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარები“.

მსგავსი