„სამგურალის“ ახალი გმირი სერგო კუხიანიძე - „დინამოსთან“ გოლზე ისეთი ემოცია მქონდა, ჟრუანტელმა დამიარა [ვიდეო] #1TVSPORT
„სამგურალის“ ახალი გმირი სერგო კუხიანიძე - „დინამოსთან“ გოლზე ისეთი ემოცია მქონდა, ჟრუანტელმა დამიარა [ვიდეო] #1TVSPORT

სამგურალის“ თავდამსხმელმა სერგო კუხიანიძემ საქართველოს პირველ არხთან „დინამო თბილისთან“ მატჩი შეაფასა, რომლის ერთ-ერთი გმირი თავად იყო და გოლი გაიტანა.

„კარგი შეხვედრა იყო. თავიდან დაძაბულობა იგრძნობოდა, მაგრამ მერე და მერე გავიხსენით. გოლის შემდეგ უფრო გაგვიჩნდა იმედი, რომ მოვიგებდით. ჩვენმა მცველებმა და ნახევარმცველებმა მაგარი თამაში ჩაატარეს და შეტევაშიც კარგად გვეხმარებოდნენ. მთლიანობაში, თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოვიგეთ და ამან შედეგი განაპირობა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სერგო კუხიანიძე.

იგი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. 21 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 10 მატჩში 4 გოლია. ამ ოთხი გოლიდან ორი „დინამო თბილისის“ კარში გაიტანა – პირველ ტურში „დინამო-არენაზე“ გუნდს ქულა მოუტანა, მე-10 ტურში კი – გამარჯვება. მას კომენტარი ამ თემაზეც ჩამოვართვით:

„ყველა გოლი სასიამოვნო და დიდი სტიმულია. პირველი გოლი „დინამოსთან“ ყოველთვის დამამახსოვრდება, რადგან „დინამო-არენაზე“ პირველად ვითამაშე. ახლა თუ ვნერვიულობდი? მოედანზე გასვლისას მხოლოდ ერთი აზრი მაქვს – გავიტანო და გუნდს დავეხმარო. ჩვენი გუნდიც ასეთია – გვინდა, რომ ხალხს ბრძოლა და ჟინი ვაჩვენოთ“.

კუხიანიძემ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

დინამოელებთან ანგარიში რომ გავხსენი, ტრიბუნებიდან იმხელა ემოცია წამოვიდა, ჟრუანტელმა დამიარა და აქამდე ამ განცდებში ვარ. ამდენ ხალხს რომ გაახარებ, ორმაგი მოტივაციაა. ბლომად გულშემატკივარი იყო და ამან თითოეულ ჩვენგანს დიდი სტიმული მისცა“.

ახალგაზრდა თავდამსხმელის თქმით, ჯერ მის მიმართ დაინტერესება არ ყოფილა:

„არ ვიცი, სხვა კლუბებისგან ინტერესი არის თუ არა. პირადად მე არავინ დამკავშირებია, შესაძლოა, კლუბს ვინმე ესაუბრა, მაგრამ ჩემამდე მსგავსი არაფერი მოსულა. თუ უცხოეთში წასვლის შანსი იქნება, ამაზე უარს არავინ იტყვის“.