„სამგურალი“ თურქეთში ემზადება - წყალტუბოელები ამხანაგურ მატჩს გამართავენ #1TVSPORT
„სამგურალი“ თურქეთში ემზადება - წყალტუბოელები ამხანაგურ მატჩს გამართავენ #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ თურქეთის მაღალმთიან კურორტზე, ერზრუმში ემზადება. გუნდმა ერთდღიანი დასვენების შემდეგ საწვრთნელი პროცესი განაახლა.

„სამგურალი“ თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს 28 ივლისს გამართავს. წყალტუბოელების მეტოქე თურქეთის სუპერლიგის გუნდი „უმრანიესპორი“ იქნება, სადაც ერთ კვირის წინ ფორის „დილას“ კაპიტანი ნიკა გაგნიძე ჩაირიცხა.

ეს გუნდი გუშინ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და 0:3 დამარცხდა. „სამგურალისა“ და „უმრანიესპორის“ მატჩი 28 ივლისს თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება დანარჩენ ამხანაგურ მატჩს, „სამგურალი“ მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო საკონტროლო შეხვედრას 30 ივლისს გამართავს და „ერზრუმსპორს“ დაუპირისპირდება.

მიმდინარეობდა მოლაპარაკება თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთ კლუბთან და ამ მატჩებამდე „სამგურალს“ კიდევ ერთი თამაში ჩატარება სურდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სპარინგი არ შედგა.

შეკრებაზე და სეზონის მიზნებზე დემურ ჩიხლაძემ ისაუბრა – წყალტუბოს „სამგურალის“ 25 წლის ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ კარგი მომზადება კლუბს ევროსაგზურის მოპოვებაში დაეხმარება.

„ახლა შეთამაშებული და ძლიერი გუნდი გვყავს. ჩემპიონატის პირველი ეტაპი კარგად ჩავატარეთ, მესამე ადგილზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმუმ ეს პოზიცია შევინარჩუნოთ. სეზონის განახლებისთვის თურქეთში კარგ მოედნებზე ვვარჯიშობთ, ძალიან კარგი ჰაერია, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ვართ. თავიდან ცოტა ფიზიკურად გაგვიჭირდა. თუმცა, აკლიმატიზაციის გავლის შემდეგ ყველაფერი მწყობრში ჩადგა. სავარჯიშო პროცესი კარგად მიმდინარეობს, კარგი განწყობაა და ვემზადებით სეზონის განახლებისთვის. ახალი ძალებით, ახალი შემართებით, რომ შევუდგეთ საქმეს და დასახულ მიზანს მივაღწიოთ“, – ამბობს დემურ ჩიხლაძე.