სამეფო ოჯახის შეურაცხყოფისთვის, ტაილანდში 65 წლის ქალს 43 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოჯახის შეურაცხყოფისთვის, ტაილანდში 65 წლის ქალს 43 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამეფო ოჯახის შეურაცხყოფისთვის, ტაილანდში 65 წლის ქალს 43 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ეს ტაილანდში მონარქიის შეურაცხყოფისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელია.

ქალი ინტერნეტში სამეფო ოჯახის მისამართით კრიტიკის შემცველი პოსტების გამოქვეყნებისთვის გაასამართლეს. როგორც მსჯავრდებული ანჩან პრეელერტის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლომ 2014-2015 წლებში სოციალურ ქსელებსა და „იუთუბში“ პოსტებისა და კლიპების გამოქვეყნებისთვის 29 დარღვევაში ცნო დამნაშავედ. ადვოკატის თქმით, თავდაპირველად სასამართლომ მას 87 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დარღვევები, მას სასჯელი გაუნახევრდა.

ანჩან პრეელერტს განაჩენის ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ განაჩენი ტაილანდში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე გამოიტანა, რომლის მონაწილეებიც მონარქიას აკრიტიკებენ.