სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მერვე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას კომისიის წევრები, ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის, როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.

კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ოქტომბერში, კვირაში ერთხელ გაიმართება.