სამაგალითო პენალტი პანენკას სტილში - ტურის გოლის ავტორი მოისწრაფიშვილია [ვიდეო] #1TVSPORT
სამაგალითო პენალტი პანენკას სტილში - ტურის გოლის ავტორი მოისწრაფიშვილია [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის თამაშები გაიმართა, რომელიც უხვგოლიანი არ გამოდგა. ორი თამაში უგოლოდ დასრულდა, სულ კი ხუთ შეხვედრაში კარის აღება 11-ჯერ დაფიქსირდა, ანუ საშუალოდ თამაშში 2,2 გოლი გავიდა, რაც კარგი შედეგი არ არის.

რამდენიმე გამორჩეული გოლი გავიდა. ქობულეთის „შუქურას“ ნახევარმცველმა, ცოტნე ფაცაციამ წყალტუბოს „სამგურალთან“ საჯარიმო დარტყმიდან მეტოქის კარი დაახლოებით 40 მეტრიდან აიღო, მაგრამ ეს უფრო კურიოზული გოლი იყო, რადგან ბურთს ყველამ ფეხი ააცილა.

ეფექტური იყო ამავე მატჩის მიწურულს „სამგურალის“ გოლი – წყალტუბოელების ცენტრალურმა მცველმა, დავით მაისაშვილმა საჯარიმოსთან ორი მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და მშვენიერი გადაცემით ლადო ჩიხრაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა. „სამტრედიას“ რთული პოზიციიდან გაუტანა „დინამო თბილისის“ 17 წლის ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ (მისთვის ეს ელიგაში სადებიუტო გოლი იყო).

თუმცა, ყველაზე ეფექტური მაინც „სამტრედიასთან“ „დინამოს“ ნახევარმცველის, გიორგი მოისწრაფიშვილის მიერ მე-14 წუთზე ე.წ. პანენკას სტილში შესრულებული პენალტი იყო – მეკარე მოატყუა და ბურთი ნელა გააგორა.