„სამაჩაბლოს“ დამფუძნებელი - ჯერ არ დავშლილვართ, მაგრამ ყველაფერი ამისკენ მიდის
„სამაჩაბლოს“ დამფუძნებელი - ჯერ არ დავშლილვართ, მაგრამ ყველაფერი ამისკენ მიდის

საფეხბურთო კლუბმა „სამაჩაბლომ” ჩემპიონატისთვის მზადება 3 თებერვალს დაიწყო, რომელიც ღია ლიგის თასზე, რიგით 5-ე ლიგაში გამოდის.

უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს გუნდი კონფლიქტის ზოლში თამაშობს და მისი დანიშნულება უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი საფეხბურთო გუნდის. მაგრამ მცირე ხნის წინ, საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში მოულოდნელად გახდა ცნობილი, რომ „სამაჩაბლო“ დაიშალა.

„ერგნეთის სტადიონი ცხინვალთან 150-200 მეტრშია. საფეხბურთო კლუბმა ”სამაჩაბლომ” დიდი ისტორია დაწერა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ხელს უშლიან გუნდს ფუნქციონირებას, უბიძგებენ დამარცხებისაკენ და ამ ხალხს ეს გამოუვიდა. გუნდი ამ სეზონში ქართველი და ოსი ძმების ერთად თამაშს აპირებდა და კიდევ მრავალი ინვესტიციის დაგეგმვა მუშავდებოდა. ამ ყველაფერზე საუბარმა აზრი დაეკარგა. მოხდა გუნდის დაშლა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ჩვენს მეგობარს, ვინც გვერდში გულით გვედგა და დახმარებას ცდილობდა. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს ასეთი გარჯისთვის. და იმ ხალხს, ვინც გუნდი დაშალა, ვეტყვით – რაც გააკეთეთ, ხვალვე წინ დაგხვდებათ და ამას კარგი დასასრული არ მოყვება!” – წერია განცხადებაში.

პირველი არხი კომენტარისთვის გუნდის დამფუძნებელს, ზურაბ ნასუაშვილს დაუკავშირდა.

„ერგნეთში გახსნილი სტადიონი ჩვენ გვემსახურება, მაგრამ იქ მხოლოდ ოფიციალურ თამაშებს ვატარებთ, სავარჯიშო მოედანი კი არ გაგვაჩნია და გორში მინი-სტადიონზე შევედით. იქ კი არც გასახდელია, არც სტადიონი და ასე გუნდის არსებობას აზრი არ აქვს – მინი-მოედანზე დიდი ფეხბურთის გუნდი ვერ მოემზადება და დაიშლება. მაგრამ მჯერა, რომ ”სამაჩაბლოს” ბედით დაინტერესდებიან და ამიტომ ჯერ კიდევ არ მინდა იმის თქმა, რომ გუნდი აღარ იარსებებს. იმხელა ეროვნული საქმე გავაკეთეთ, ზედ გამყოფ ხაზთან დროშა ავწიეთ და თამაში ჩავატარეთ. ამ ყველაფრის შემდეგ გადაწყვეტილების ემოციური ფონზე მიღება არ გვინდა. ხელმძღვანელობა ჩამოვყალიბდებით და ვიტყვით, რას მოვიმოქმედებთ”, – ამბობს ნასუაშვილი.