პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა 6 მარტისთვის არის დაგეგმილი
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა 6 მარტისთვის არის დაგეგმილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 6 მარტს წარდგება. პირველი არხის ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის თარიღი უკვე შეთანხმებულია.

დეპუტატების წინაშე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველად წარდგება.

ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გასული წლის 16 დეკემბერს გაიმართა, მას წლიური ანგარიშის წარდგენა იმ პერიოდზეც მოუწევს, როცა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა გიორგი მარგველაშვილს ეკავა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტი წლიურ ანგარიშს როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე წარადგენს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეები დატვირთული იყო, პრეზიდენტის მოსმენა მარტისთვის გადაიდო. რაც შეეხება ფორმატს, რეგლამენტით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები. ამასთან, გამოსვლების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.