სალომე ზურაბიშვილი - ყველანი ჩართული ვართ პოლიტიკურ სიტუაციაში და ველოდებით არჩევნებს, მაგრამ მაინც მინდა, ყველას გითხრათ, ამ ქვეყანაში არ შეიძლება, კულტურის ბიუჯეტი იყოს ის, რაც არის
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის ბოლოს შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა. მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს შეფასებებისა და შენიშვნებისთვის.
„დიდი მადლობა შეფასება-შენიშვნებისთვის. მგონია, შეჯამება აღარ სჭირდება, მაგრამ მინდა, ვისარგებლო ამ ტრიბუნაზე დგომით და ორ საკითხს შევეხო. ერთი, რადგანაც ალბათ გვისმენენ გარედან, მინდა, მივმართო დიასპორას და მათ ვუთხრა, რომ დღეს უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს სივრცე, სადაც ყველა ორგანიზაციას შეუძლია, რომ მოვიდეს, შეიკრიბოს და მიიღოს ინფორმაცია. ეს იმის სიმბოლო უნდა იყოს, რომ პრეზიდენტი არის ყველა ქართველის პრეზიდენტი და არა მხოლოდ მათი, ვინც აქ ცხოვრობს, არამედ მათიც, ვინც რთულ პირობებში ცხოვრობს საზღვარგარეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მეორე საკითხი, რომელზეც სურს ყურადღების გამახვილება, მისი სიტყვის გაგრძელებაა.
„ახლა ამის დრო არ არის, ყველანი ვართ ჩართული დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში და ველოდებით ამ არჩევნებს, მაგრამ მაინც, არჩევნებამდე ბიუჯეტიც იქნება განხილული და მინდა, თქვენ ყველას გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება, რომ კულტურის ბიუჯეტი იყოს ის, რაც არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის პოტენციალის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ნაწილი და უნდა მივცეთ ჩვენს კულტურას და ჩვენს კულტურაში ყველას, ვისაც აქვს უზარმაზარი შემოქმედებითი ნიჭი, საშუალება, რომ მხრები გაშალონ და მიაღწიონ იმას, რაც ნამდვილად დევს ამ ქვეყანაში, ეს იქნება კინო, ეს იქნება მუსიკა, იქნება არქეოლოგია, მთლიანად, საქართველოს პოპულარიზაცია შიგნით და გარეთ.
რეგიონებისთვის ეს არის განვითარების ერთ-ერთი მთავარი გზა. ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენს თეატრებს, თუნდაც რეგიონებში, არ ვაძლევთ ჩვენს საზოგადოებას იმის საშუალებას, რომ დაუბრუნდეს რეგიონს და იქ იცხოვროს, ისე როგორც დღევანდელი მსოფლიოს თანამედროვე მოქალაქემ“, – განაცხადა პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით დღეს მეორედ წარდგა პარლამენტის წინაშე.