სალომე ზურაბიშვილი - ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, ამ ისტორიის არც ერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული
სალომე ზურაბიშვილი - ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, ამ ისტორიის არც ერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული

ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, უკან თუ გავიხედავთ, ამ ისტორიის არც ერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანამ არ უნდა ტკეპნოს ერთი ადგილი და წავიდეს წინ.

„ერთ-ერთ საპარლამენტო სიტყვაში ვთქვი, რომ საზოგადოება დაიღალა და ორი თემა არის რეალურად, საზოგადოებაში – რა გვეშველება არის ერთი თემა და რამ უნდა გვიშველოს; მე მგონი, რაიმე თუ არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ რაღაც ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა და კიდევ სამი წელი რჩება; მიმაჩნია, რომ წარმოვადგენ ამ საზოგადოების განცდას, ჩემშიც არის ეს, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც გროვდება ჩვენს ქვეყანაში, რაღაცნაირად უნდა გადავიდეს საქმიან ურთიერთობაში. ეს არ იქნება რაღაც ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება; ეს არ არის რაღაც პოლიტიკური პარტიების შერიგება, ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა; ეს არის ჩემი დაწყებული პროცესი, ჩემი ინიცირებული პროცესი, მაგრამ ეს იქნება საზოგადოებრივი პროცესი, რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული და რომლის ფორმა იქნება თვით საზოგადოების მიერ შექმნილი და თემებიც წარმოიშვება საზოგადოებიდან.

რით იწყება ეს პროცესი? იმით, რომ წარსულზე და წარსულის არც ერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული, არ გვაქვს სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია; ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, უკან თუ გავიხედავთ, არაფერზე არ ვართ შეთანხმებული, არც ერთ ფურცელზე ამ ისტორიის და ეს ნიშნავს რას, რომ ყოველ ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია, იმ ოჯახის ახსნა-განმარტება ამ ფურცლების; ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ დღეზე და მომავალზე, ჩვენი დაპირისპირება გროვდება სხვადასხვა შრეებად ამ სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში, და ჩაბეტონებულია; ჩვენ თუ ეს არ დავძლიეთ, შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება და ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორც ჩვენ გვინდა ყველას, მე ამაში ვარ დარწმუნებული, დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო. ამიტომ ეს არის ჩემო მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც პასუხისმგებელია ერთგვარ ერთიანობაზე, კიდევ ერთხელ, არა ჯადოსნური ერთიანობა და არა ის, რომ ყველაფერზე შევთანხმდებით, ეს ილუზიაა, რომელსაც მე არ მივეცემი, მაგრამ ჩვენ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს საზოგადოების შეთანხმება გარკვეულ დეტალებზე ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. მაგალითად, შეთანხმება იმაზე, სახელმწიფო გადატრიალება არის თუ არა მიუღებელი.

​„სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ ვერ დაიცვა არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გადატრიალებისგან. ამაზე თუ ვართ მზად, ეს არის ერთი, პირველი შეთანხმების შესაძლო წერტილი. არ მაქვს ილუზია, რომ საზოგადოება უცებ შეთანხმდება ზვიად გამსახურდიას შეფასებაზე. იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ ის იყო გმირი და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ მას აქვს ჩადენილი შეცდომები. ეს უკვე ისტორიკოსების საკითხია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა ახსენა ედუარდ შევარდნაძის პერიოდი, როდესაც ზვიად გამსახურდიას მომხრეების დარბევა მოხდა. „რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს. ეს ყველაფერი რომ აღარ გვინდა, ვთანხმდებით?“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, შესაძლოა, არ გამოვყოთ პერიოდები, თუმცა ისტორიის ყველა ეტაპი უნდა იყოს გავლილი და შეფასებული.

დატოვე კომენტარი