სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას სტუმრობს.

სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრა დილის საათებში სასტუმროში „რეგენტში“ არის დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება შვედეთის სამეფოს პარლამენტის სპიკერს, ანდრეა სნორლენს; ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევს; ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის; ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს; სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას.

დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი დაესწრება პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სახელით გამართულ სადილს, რომელიც მიწვეული სტუმრების პატივსაცემად იმართება და ასევე კონცერტს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავს ეძღვნება.

ღონისძიებები გაგრძელდება 2 სექტემბერსაც. სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა გამოფენის – „50 ქალი საქართველოდან“ გახსნაზე, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის სენატშია დაგეგმილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი გამოვა სიტყვით კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში“.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება კონსტანტინე ციციშვილის გამოფენას საქართველოს საელჩოში.