სალომე ზურაბიშვილი - სასახლე ათონელზე ევროპული და ქართული სტილის სასახლეა, საჭირო იყო, აქ ქართული სულიც დაგვებრუნებინა
სალომე ზურაბიშვილი - სასახლე ათონელზე ევროპული და ქართული სტილის სასახლეა, საჭირო იყო, აქ ქართული სულიც დაგვებრუნებინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო სასახლის შეცვლა იმან განაპირობა, რომ წინა სასახლე არ შეესაბამებოდა, არ ასახავდა დღევანდელ პრეზიდენტს თავისი პომპეზურობით და თუნდაც, ქალაქში მდებარეობით. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ათონელზე მდებარე სასახლის მოსაწყობად დამატებითი ხარჯების გაწევა.

„ახალი კონსტიტუციიდან  გამომდინარე, პრეზიდენტი ცოტა სხვანაირი უნდა იყოს. ის სასახლე ჯერ ერთი გადაწყვეტილი არის და უკვე იყო გამოყენებული იმ კუთხით, რომ იყოს ცერემონიალების სასახლე მთლიანად მთავრობისთვის და ყველა შესაძლო ღონისძიებისთვის, რომელიც მოითხოვს ამ სტილის მოცემულობას.

ეს არის, მე ვიტყოდი, ევროპული და ქართული სტილის სასახლე. ევროპაში ძალიან ბევრი პრეზიდენტი არის სწორედ პატარა და საშუალო ქვეყნის, ჩვენსავით ქვეყნის და სწორედ ასეთ სასახლეებში არიან, არა ძალიან მასშტაბურში. აქ საჭირო იყო, რომ ის ქართული სულიც დაგვებრუნებინა, ქართული სული იმ ოჯახების, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ბოლო ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ფურცელს, თავისი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით და იმ მძიმე პერიოდით, რომელიც შემდგომ დადგა. მე მგონი, ყველაფერზე პასუხი იყო, როცა პირველივე დღეს, როცა გავხსენით უკვე ეს ახალი წარმომადგენლობითი ნაწილი, როცა მოვიყვანეთ აქ ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის ბავშვები, მათი სიამაყე იმ ყველაფრით, რომ ეს არის მათი ისტორია, რომ მათი ისტორია არის ღირსშესანიშნავი, არის ევროპული, არაფრით ნაკლები, ვიდრე იმ ევროპული ქვეყნებისა, რომლებთანაც ჩვენ გვინდა გაერთიანება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​ამასთან, რაც შეეხება ავლაბრის სასახლეს, კითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა, პრეზიდენტი იმ ცერემონიალების და იმ ღონისძიებების მასპინძელი ყოფილიყო, რომელიც დღეს იმართება ამ შენობაში, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ყველაფრის მასპინძელი არ უნდა იყოს პრეზიდენტი.

„ჩვენ სამწუხაროდ ასეთი აქტივები გვაქვს არაერთი, ასევეა ქუთაისის პარლამენტი. ერთ დროს ხარჯების ეკონომიაზე არავინ ფიქრობდა, არ იყო გათვალისწინებული, ამ ქვეყანას რეალურად რა სჭირდება.

მე მაქვს მაგალითად ასევე მოსაზრება და ხშირად ვესაუბრები მთავრობას ამის შესახებ, რომ ქუთაისის პარლამენტი გამოყენებული იყოს საკონფერენციოდ. ჩვენ არ გვაქვს დიდი საკონფერენციო ცენტრი და ეს ძალიან გამართლებული არის ქუთაისის განვითარებისთვის, მით უმეტეს, თუ წყალტუბო ახლა შეიძენს ახალ სიცოცხლეს, ეს ყველაფერი ერთობაში იქნება ძალიან ძლიერი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.