სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ახალი კონსტიტუცია ჩვენი მოქალაქეების შრომის უფლებების დაცვის გარანტორია
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ახალი კონსტიტუცია ჩვენი მოქალაქეების შრომის უფლებების დაცვის გარანტორია

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ჩვენი მოქალაქეების შრომის უფლებების დაცვის გარანტორია, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„1993 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო გახდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეცვალა კანონები, შრომის ბაზრის წესები და მსოფლიო ხედავს შედეგს – ესაა მშრომელთა უფლებების უნივერსალური დაცვა და გაუმჯობესებული სოციალური სამართალი, რაც სოციალური დიალოგის საშუალებით მოხერხდა. საერთო პრინციპები, რომლებსაც ყველა ვიცავთ, ჩვენგან მოითხოვს, რომ ყველას ჰქონდეს შრომის ადამიანური პირობები, რაც დაფუძნებულია თავისუფლების, ღირსების დაცვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებზე. ეს პრინციპები ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა დამოკიდებულია შემოქმედებით ძალისხმევასა და ჩვენი მოქალაქეების განათლებაზე. ასევე ინკლუზიურობასა და თანასწორობაზე. ვიცით, რა შრომა ჩადო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ და ამ ორგანიზაციის ყველა წევრმა, რათა შრომის სათანადო გარემო და ღირსეული შრომის პირობები ყველა ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი.

„ჩვენ ერთად ვთანხმდებით წესებზე და ვამტკიცებთ კონვენციებს. ეს პრინციპები შემდეგ თითოეული ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაში აისახება. ამის შემდეგ მათ იმპლემენტაციას ვცდილობთ. სწორედ ეს არის ყველაზე რთული ნაწილი. საქართველო ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. მე ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც ამ ტრიბუნიდან მიმართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, ამიტომ ამ შესაძლებლობას, საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებზე სასაუბროდ გამოვიყენებ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ 18 კონვენციის რატიფიკაცია მოვახდინეთ. მათ შორის არის ყველა ფუნდამენტური კონვენცია. საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც შარშან მივიღეთ, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური შრომის უფლებების დაცვის გარანტორია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შრომის კანონის გაუმჯობესების პროცესი გრძელდება და ხდება მისი ჰარმონიზაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებთან, ასევე ევროკავშირის რეგულაციებთან.

„ბოლო მიღწევებს შორის დავასახელებ ცოტა ხნის წინ მიღებული შრომის უსაფრთხოების კანონს, რომელიც ადგენს დაცვის მაღალი სტანდარტს და ეფექტურ სანქციებს. ასევე, ზრდის შრომის ინსპექციის მანდატს. ეს კანონი მიზნად ისახავს შრომის კულტურის ცვლილებას. ეს კანონი ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ევროკავშირის დირექტივებს. მთავრობა მუშაობს, რათა შრომის ინსპექცია გაძლიერდეს და შრომის სტანდარტი სათანადოდ იყოს დაცული. პარლამენტი ასევე მუშაობს შრომის კოდექსის ცვლილებებზე. მათ შორის, მუშაობა მიმდინარეობს პროფკავშირების კანონზე, შრომის მედიაციასა და მინიმალური ხელფასის შემოღებაზე. მისი თქმით, 2014 წელს მიღებული იყო კანონი სამსახურში ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. ესეც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.