სალომე ზურაბიშვილი - საქართველო განსაკუთრებულად აფასებს საფრანგეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო განსაკუთრებულად აფასებს საფრანგეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საფრანგეთის ეროვნულ სამხედრო-საპატრულო ხომალდს, „კომანდან ბიროს“ ეწვია, რომელიც ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ესტუმრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხომალდი დაათვალიერა და საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„ბათუმში საფრანგეთის ხომალდის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და მიანიშნებს იმაზე, თუ რა დანიშნულებას იღებს შავი ზღვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. ბათუმში შემოდიან ასევე, ნატო-ს წევრი ქვეყნების ხომალდები, მათ შორის თურქული, იტალიური, ჰოლანდიური და ამერიკული. შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე არიან განლაგებულნი, არამედ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გლობალური საკითხი ნატოში ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საქართველოსა და საფრანგეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ამის ერთ-ერთი ნიშანი იყო ამ წლის დასაწყისში ჩემი ვიზიტი საფრანგეთში. ფრანგული გემის შემოსვლით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა სრულყოფილია და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საფრანგეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ჩვენ ვაფასებთ საფრანგეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი გამოწვევაა. დღეს მთელი სახელმწიფო ზრუნავს ჩვენი ექიმის გათავისუფლებისა და შინ დაბრუნებისთვის, და ეს უნდა აღვნიშნო აქ. ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები საფრანგეთთან მხოლოდ პოლიტიკურ თუ სამხედრო სფეროებში თანამშრომლობით არ შემოიფარგლება.

ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ურთიერთობები. კულტურული მიმართულებით საფრანგეთი ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი და ბუნებრივი პარტნიორია. აღარ ვახსენებ ღვინოს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი გამაერთიანებელი ფაქტორია. ვისურვებ, რომ ჩვენი ურთიერთობები ასე გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.