სალომე ზურაბიშვილი - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ჩემი როლი და პასუხისმგებლობა განსაკუთრებული ხდება რამდენიმე მიმართულებით
სალომე ზურაბიშვილი - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ჩემი როლი და პასუხისმგებლობა განსაკუთრებული ხდება რამდენიმე მიმართულებით

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ჩემი როლი და პასუხისმგებლობა განსაკუთრებული ხდება რამდენიმე მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა პარლამენტში, სადაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ბრძანება წარადგინა.

მისი თქმით, ასეთ განსაკუთრებულ პირობებში პრეზიდენტს ევალება ქვეყანაში დემოკრატიის დაცვა, რადგანაც საგანგებო მდგომარეობა ყოველთვის თუ ხშირად ბადებს თეორიულ შიშს იმისა, რომ შეიძლება ზედმეტად შეიზღუდოს კონსტიტუციით დაცული უფლებები.

„ასეთ მძიმე ვითარებაში მოწყვლადი ჯგუფების მიმართ უფრო მეტი ყურადღება მოეთხოვება ყველას და, განსაკუთრებით – პრეზიდენტს. ამ ადამიანებს ექნებათ სპეციფიკური პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც ერთად უნდა მივხედოთ.

ჩვენი დიასპორა უკიდურესად მძიმე მორალურ და, ხშირ შემთხვევაში, მატერიალურ პირობებში იმყოფება. ჩვენი დიპლომატიური უწყება – საელჩოები და საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ყოველმხრივ გვერდში დაუდგეს მათ.

არ შეიძლება, ამ განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებულად არ მოვიხსენიო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. მათი ისედაც უკიდურესად გართულებული ჰუმანიტარული მდგომარეობა დღეს აქტიურ მხარდაჭერას ითხოვს. ამის შესახებ ვესაუბრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრებს: „ეს ბრძოლა ჩვენია! თითოეული ჩვენგანის! ამ ბრძოლაში ერთად გავიმარჯვებთ ან ერთად დავმარცხდებით. ამ ბრძოლის შედეგი აისახება მთელ ქვეყანაზე და მომავალ თაობებზე. ამ კრიზისის შემდეგ მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნება. ჩვენთანაც ბევრი რამ შეიცვლება. ბევრი გამოწვევა უნდა გადავლახოთ ამ გზაზე. მხოლოდ ერთიანი საქართველო დაძლევს ამ გამოწვევას!“ – განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომაზე.