სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის
სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ინტერვიუში გამოთქმულ განცხადებებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს, რომ სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის.

„გაპრეზიდენტების შემდეგ აღვნიშნე, რომ არასდროს გავაკეთებდი კომენტარს სააკაშვილის მოსაზრებებზე, მაშინაც კი, როცა ის პირადად იქნებოდა შეურაცხმყოფელი.

მაგრამ, მისმა ბოლო ინტერვიუმ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან ურთიერთობის შესახებ, გადაკვეთა ყველა ზღვარი და ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს.

სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის, რომლებიც საქართველოს გვერდით დგანან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ასეთი სიცრუე და არასწორი ინტერპრეტაცია არის უპასუხისმგებლო და მიუღებელი ყოფილი პრეზიდენტისგან.

ეს არის ნათელი მცდელობა საქართველოსა და მისი მოკავშირეების ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე.

ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი ქვეყნის მადლიერებას ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების განგრძობადი მხარდაჭერისადმი 2008 წლის ომის პერიოდში და მას შემდეგ.

როგორც პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ყველა მსგავსი მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც ძირს გამოუთხრის ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა 11 წლის წინანდელი საომარი მოქმედებების შეფასების დროს მწვავედ გააკრიტიკა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, რომელიც 2008 წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი იყო და სწორედ მისი შუამავლობით გაფორმდა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სააკაშვილმა ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის იმდროინდელი სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, ასევე უარყოფითად შეაფასა გერმანიის როლი და ევროპა ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.