სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის საბოლოო მიზანი იყო, გავლენა მოეხდინა საქართველოს დასავლეთისადმი სწრაფვაზე, ამ შემთხვევაში, გამარჯვება საქართველოსია და არა რუსეთის
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის საბოლოო მიზანი იყო, გავლენა მოეხდინა საქართველოს დასავლეთისადმი სწრაფვაზე, ამ შემთხვევაში, გამარჯვება საქართველოსია და არა რუსეთის

რუსეთთან არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გვაჩვენებს, რომ მზადაა ჩვენთან ძალისმიერი მეთოდის გარდა სხვა ფორმით იურთიერთოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის საბოლოო მიზანი იყო, გავლენა მოეხდინა საქართველოს დასავლეთისადმი სწრაფვაზე, ამ შემთხვევაში, გამარჯვება საქართველოსია და არა რუსეთის.

„თეორიულად, როცა საქართველოს მსგავსი ქვეყანა აცხადებს, რომ არანაირ ძალას არ გამოიყენებს, სამხედრო ძალას არ გამოიყენებს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადასაჭრელად, ცხადია, რომ ერთადერთი ინსტრუმენტი გრჩება და ეს დიპლომატიაა. ამ ეტაპზე სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს. ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გვაჩვენებს, რომ მზადაა ჩვენთან ძალისმიერი მეთოდის გარდა სხვა ფორმით იურთიერთოს.

ამ ეტაპზე, ჩვენ მთლიანად ვეყრდნობით ჩვენს პარტნიორებს, რომ ისინი იყვნენ ჩვენი ჩემპიონები და რუსეთთან ორმხრივი შეხვედრების დროს შეახსენონ, სთხოვონ, მოსთხოვონ რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა. ამიტომაც ვსაუბრობ ჟენევის ფორმატზე და ამას ვაკეთებთ ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენს პარტნიორებთან.

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია დღეს არ შეიცვლება, მაგრამ ერთ დღეს ამან შედეგი შეიძლება გამოიღოს. ასე რომ, ჩვენ არც რუსეთს და არც ჩვენს პარტნიორებს საშუალება არ უნდა მივცეთ, დაივიწყონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

მნიშვნელოვანი ისაა და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, გრძელდება უწყვეტი ზეწოლა, ადამიანების გატაცებები, ჰუმანიტარული ზეწოლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, ეს სიტუაცია რუსეთისთვის გამარჯვება მაინც არ არის. ეს იმიტომ, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლას. ვფიქრობ, რუსეთის საბოლოო მიზანი სწორედ ეს იყო, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს დასავლეთისადმი სწრაფვაზე. ამ შემთხვევაში, გამარჯვება საქართველოსია და არა რუსეთის. რუსეთს არ აქვს საქართველოზე ვეტო და არც არასოდეს ექნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი